თბილისი: ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის პრეზიდენტის არჩევნები ოკუპაციის მორიგი მაგალითია
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებზე რუსეთის საპარლამენტო თუ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება იმ პირობებში, როცა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში დარჩენილი მოსახლეობა 2000-იანი წლებიდან მოყოლებული მასობრივად გახდა მოსკოვის უკანონო, იძულებითი პასპორტიზაციის მსხვერპლი, ხოლო ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილი ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირი და ლტოლვილი კვლავ მოკლებულია საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლებას.
მსგავსი ქმედებებით რუსეთის ფედერაცია სრულად უგულებელყოფს გაეროს წესდებას, ჰელსინკის დასკვნით აქტს და უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ისეთ ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს, როგორიცაა სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობა და შიდა საქმეებში ჩაურევლობა“, - ნათქვამია განცხადებაში.
საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადოდ შეაფასოს რუსეთის უკანონო ქმედებები საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში.
18 მარტს რუსეთში პრეზიდენტის არჩევნები შედგა, რომელშიც ვლადიმირ პუტინმა გაიმარჯვა ხმების 76,67% მიიღო. არჩევნებში მონაწილეობა აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრებლებმაც მიიღეს, რომლებიც ამავდროულად რუსეთის მოქალაქეებიც არიან.