ახალი ამბები
ფოთელები თევზის გადამამუშავებელი ქარხნების შემოწმებას ითხოვენ [ვიდეო/ფოტო]
მოქალაქეებმა ფოთში საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს შემდეგი მოთხოვნით - სხვადასხვა უწყებამ, მათ შორის გარემოს დაცვის სამინისტრომ შეისწავლოს ის ქარხნები, რომლებიც ქაფშიას იბარებენ სეზონზე, არიან თუ არა შესაბამისი ფილტრებით აღჭურვილი და თუ არა, დაავალდებულონ. შეკრებილთა თქმით, თევზჭერის სეზონზე ქალაქში გაჩერება პრაქტიკულად შეუძლებელია მძიმე სუნის გამო, რომელიც ტანსაცმელსაც კი უდის და სუნთქვა შეუძლებელი ხდება.

აქციის მონაწილეები უკვე მერამდენედ ითხოვენ დარეგულირდეს ეს საკითხი. გარდა ამისა, დაავალდებულონ კომპანიები, დაიცვან თევზის ტრანსპორტირებისას შესაბამისი წესები, იმიტომ, რომ გადაადგილების დროსაც იღვრება ხშირად თევზის წყალი. მათივე თქმით, მართალია დღეს მცირე რაოდენობით იყვნენ წარმოდგენილები, თუმცა ამ აზრს გაცილებით მეტი ადამიანი იზიარებს. ამბობენ, რომ ქალაქში ჯერ სეზონი არ არის, რის გამოც სუნი არ იგრძნობა ისე მძაფრად, რაც აქციის მონაწილეთა მცირერიცხოვნების მიზეზია დღეს.

შეკრებილთა თქმით, მერიას და საწარმოებს არაერთხელ მიმართეს, თუმცა ამ ყველაფერს რეაგირება არ მოჰყოლია. მოუწოდებენ სხვა სამსახურებსაც, თევზჭერის მომდევნო სეზონზე პრობლემა მოგვარდეს.

ფოთის მერიაში აქციის მონაწიელეების პროტესტის საპასუხოდ კომენტარი არ გააკეთეს.