მესტიაში აქციის მონაწილეები მშენებარე ჰესების ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკას არ უშვებენ [ფოტო]

„ორსული ქალი რომ გაწვა მიწაზე, სასწრაფო გამოვიძახეთ. ადგილობრივი ხელისუფლებიდან და მშენებელი კომპანიიდან ჯერ ჩვენთან არავინ მოსულა. მარტო პოლიცია დგას ჩვენთან“, - გვითხრა ნათია ქურდიანმა.
ამბობს, რომ დანებებას არ აპირებენ და თუ გარემოება მოითხოვს, ღამესაც გაათევენ ჰესის მშენებლობის მიმდებარედ.

„სხვა გამოსავალი არ რჩება. აგერ ფეხმძიმე გოგომ უკიდურეს ზომას მიმართა, რაგან ორი თვეა ვუმტკიცებთ, რომ არანაირი გეოლოგიური დასკვნა არ აქვთ, ყველაფერი გაყალბებულია. სინამდვილეში ნამდვილმა სპეციალისტებმა ნებართვა არ მისცეს ჰესის მშენებლობის. არის კატასტროფულად საშინელ ადგილას, მეწყერსაშიში ზონაა.უკვე სამი ზვავი ჩამოწვა იმ ადილას“, - განმარტა აქციის მონაწილემ.
მისივე თქმით, 24 მარტს დაგეგმილი შეხვედრისთვის თბილისში დარბაზიც იქირავეს და სპეციალისტებიც მიიყვანეს, თუმცა არც მშენებელი კომპანიის და არც ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენლები მათთან არ მისულან.

„ალბათ ამპარტავნობის გამო. თურმე ჩვენ უნდა მივსულიყავით იქით, - გვითხრა ნათია ქურდიანმა.
აღნიშნულ შეხვედრაზე მესტიის მცხოვრებლები, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე და Georgian global utilities აღმასრულებელი დირექტორი 20 მარტს შეთანხმდნენ.
ჰესების მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით მესტიაში საპროტესტო აქცია არაერთხელ გაიმართა. ბოლო შეკრება სეტის მოედანზე 4 მარტს შედგა. აქციის მონაწილეების თქმით, ჰესები სვანეთს ეკოლოგიური თვალსაზრისით პრობლემებს შეუქმნის. აქციას მოგვიანებით მესტიის მერია გამოეხმაურა და მოსახლეობა გააფრთხილა, რათა პოლიტიკურმა პარტიებმა არ გამოიყენონ ისინი საკუთარი მიზნებისთვის.

საპროტესტო გამოსვლების გამო განცხადება გაავრცელა დაბა მესტიაში ჰესების მშენებელმა კომპანიამ „სვანეთი ჰიდრო“. კომპანიის მიერ „ლაივპრესისთვის“ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად „მესტიაჭალა 1“ და მესტიაჭალა 2“ არადაგუბებითი ტიპის ჰესებს განეკუთვნება და შენდება თანამედროვე ტექნოლოგიური სტანდარტების სრული დაცვით. შესაბამისად ისინი ეკოლოგიურად უსაფრთხოა და მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, როგორ ენერგოდამოუკიდებლობის, ისე განახლებადი ენერგიის განვითარების კუთხით.