მესტიაში ჰესების მშენებლობის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქცია გრძელდება

„გვითხრა, რომ გვიშუამდგომლებს ეკონომიკის სამინისტროსთან ჩვენს მოთხოვნებთან დაკავშირებით, მაგრამ დათმობას არ ვაპირებთ. ახლა რომ ეს ტექნიკა გავატაროთ, ისევ გააგრძელებენ სამუშაობს და ყურადღებას არავინ მოგვაქცევს“, - განუცხადა ჟურნალისტებს აქციის მონაწილე მაია კახიანმა.
მესტიაში ადგილობრივების ნაწილმა გზა 31 მარტს დილიდან გადაკეტა. ისინი ჰესების მშენებარე ტერიტორიაზე სპეციალურ ტექნიკას და მანქანებს არ უშვებენ.

მსგავსი მოთხოვნით აქცია მესტიაში მანამდეც არაერთხელ ჩატარდა. მოქალაქეთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ჰესები სვანეთს ეკოლოგიური თვალსაზრისით პრობლემებს შეუქმნის. აქციებს მესტიის მერია გამოეხმაურა და მოსახლეობა გააფრთხილა, რათა პოლიტიკურმა პარტიებმა არ გამოიყენონ ისინი საკუთარი მიზნებისთვის. საპროტესტო გამოსვლების გამო განცხადება გაავრცელა დაბა მესტიაში ჰესების მშენებელმა კომპანიამ „სვანეთი ჰიდრო“. კომპანიის მიერ „ლაივპრესისთვის“ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად „მესტიაჭალა 1“ და მესტიაჭალა 2“ არადაგუბებითი ტიპის ჰესებს განეკუთვნება და შენდება თანამედროვე ტექნოლოგიური სტანდარტების სრული დაცვით. შესაბამისად ისინი ეკოლოგიურად უსაფრთხოა და მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, როგორ ენერგოდამოუკიდებლობის, ისე განახლებადი ენერგიის განვითარების კუთხით.