მესტიაში ჰესების მშენებლობის საკითხზე თბილისში შეხვედრა გაიმართება
ამასთან, „ლაივპრესს“ „სვანეთი ჰიდროს“ პრესსამსახურში დაუდასტურეს ინფორმაცია, რომ აქციის მონაწილეებთან შეთანხმების შემდეგ, კომპანიის ტექნიკას მიეცა მშენებლობის ტერიტორიაზე შესვლის უფლება.
„ტექნიკამ უნდა დატოვოს სამშენებლო მასალები ტერიტორიაზე და უნდა გამოვიდეს ისევ უკან“, - აცხადებენ კომპანიაში.
მესტიაში ჰესების მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქცია 1 აპრილის ღამეს დაიშალა. შესაბამისი გადაწყვეტილება შეკრებილებმა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე კახაბერ საბანაძესთან შეხვედრის შემდეგ მიიღეს. როგორც „ლაივპრესს“ აქციაში მონაწილე ორგანიზაცია „სვანეთის ახალგაზრდული მოძრაობის“ წევრმა დავით გულბანმა განუცხადა, მინისტრის მოადგილემ აიღო პასუხისმგებლობა, რომ ჰესების მშენებლობა შეჩერდება და არ განახლდება, სანამ მისი გარემოზე ზემოქმედების შესახებ დოკუმენტი არ იქნება წარმოდგენილი.
მდინარე მესტიაჭალაზე 30-მეგავატიან ჰესს საინვესტიციო კომპანია Galt&Taggart-ი ავსტრიულ კომპანია RP Global-თან ერთად აშენებს სპეციალურად შექმნილი კომპანიის, „სვანეთი ჰიდროს“ მეშვეობით. პროექტის თანახმად, არაკაშხლური ტიპის, „მომდინარე წყალზე“ დადგმული ჰესი წლიურად გამოიმუშავებს საშუალოდ 100 მლნ კვტ/სთ-ზე მეტ ელექტროენერგიას. კომპანია „სვანეთი ჰიდრო-ს“ ინფორმაციით, ამ ტიპის ჰესი მსოფლიოში აღირებულია, როგორც ყველაზე უსაფრთხო და გარემოზე მინიმალური ზემოქმედების მქონე.
კომპანიის განცხადებითვე, მშენებლობა უკვე ერთი წელია მიმდინარეობს და ამ პერიოდში მოსახლეობის მხრიდან არანაირი წინააღმდეგობა არ ყოფილა, დღეს კი ჰესის მშენებლობას ეწინააღმდეგება მხოლოდ მცირე ჯგუფი, რომელსაც არ სურს არგუმენტირებული პასუხების მოსმენა.