არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
სანამ სხდომა დაიხურებოდა ჟურნალისტებს შესაძლებლობა ჰქონდათ მოესმინათ ბრალდებულის პოზიცია, რომელმაც სასამართლოს განუცხადა, რომ ის უდანაშაულოა. თუმცა, შინაგან საქმეთა სამინიტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ის აღიარებს ჩადენილს.

სხდომის დახურვის შუამდგომლობით მოსამართლეს ბრალდების მხარემ მიმართა. პროკურორის განმარტებით, იმის გამო, რომ დაზარალებული არასრულწლოვანია და საუბარია სქესობრივი ხასიათის დანაშაულზე, სხდომა უნდა დაიხუროს. შესაბამისი სურვილი გამოთქვა ბრალდებულმაც, რაც შოთა ბიჭიამ დააკმაყოფილა.
ბრალდებულმა ადვოკატზე უარი თქვა და განაცხადა, რომ საკუთარ თავს თავად დაიცავს.
მოცემულ საქმესთან დაკავშირებით დღეს განცხადება გაავრცელა საქართველოს მთავარმა პროკურატურამ. მასში აღნიშნულია, რომ დაკავებულს ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით, და რომ გამოძიებით დადგინდა - 2018 წლის 23 მარტს, ფეხბურთელთა გუნდის მწვრთნელმა არასრულწლოვან მოსწავლე გოგონასთან გარყვნილი ქმედება ჩაიდინა.
უფრო ადრე ინფორმაცია შსს-მაც გაავრცელა. სამართალდამცველებმა ბრალდებული 2018 წლის 31 მარტს სენაკში დააკავეს. დანაშაული 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.