განმუხურელები სოფლელში უფასო გაზიფიცირებას ითხოვენ [ვიდეო]
მისი სიტყვებით, მოქალაქეებისთვის გაურკვეველია, რატომ არ მოხდა განმუხური იმ „მოსაზღვრე სოფლების სიაში“, სადაც ბუნებრივი აირი მოსახლეობას სახლებში უფასოდ შეუყვანეს. მაგალითად ოდიკ ჭაფანძემ მოიყვანა სოფელი კოკი და ორსანტია.

„ყოველწლიურად ჩვენ 9 სული საქონელი გვეკარგება. საქონელმა არ იცის საზღვარი, შედის და უკან არ გვიბრუნდება. ფაროსანამ ჩვენ გაგვანადგურა, არანაირი რეაგირება არ იყო. განმუხურს რა შეღავათი გაუწიეთ თქვენ? სამჯერ გადამწვარ სოფელს, საარსებო პირობების შექმნა სამჯერ დავიწყეთ ნულიდან. ერთი თეთრი არ მიგვიღია სახელმწიფოსგან. არც ელექტროენერგია, არც წყალმომარაგება, არც გაზი. არ აუვა ამას 180 ლარის პენსია. პენსიით ფინანსდება ეს ყველაფერი, სხვა შემოსავალი არაფერი არ არის განმუხურში“, - განაცხადა ოდიკ ჭაფანძემ.
მან მოუწოდა საკრებულოს და მერიას, შეაწუხონ ზემდგომი ორგანოები და შეასრულონ მოსახლეობის მოთხოვნა.
საკითხზე განცხადება გააკეთა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ. ანა წითლიძემ სხდომაზე წარმოადგინა მოქალაქეთა ხელმოწერები, რომლებიც გაზიფიცირების სამუშაოების უფასოდ ჩატარებას ითხოვენ.
დეპუტატის სიტყვებით, განმუხურში შესაბამისი დაპირება უმრავლესობის წევრებმა გასცეს წინასაარჩევნოდ, მათ შორის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიამ, რაც არ შესრულდა.

„რატომ მოხდა ისე, რომ ახლა მოსახლეობას სთხოვენ ამის თანხას? მე ხელთ მაქვს განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის, მერის და გუბერნატორის სახელზე, რომელსაც ხელს აწერს საკმაოდ ბევრი, 200 მოქალაქე. მე ამ განცხადებას გადმოგცემთ დღეს თქვენ“, - განუცხადა მან საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბესიკ ჭეჟიას, რომელიც დღეს სხდომას უძღვებოდა.
ბესიკ ჭეჟიამ საპასუხოდ აღნიშნა, რომ არ აქვს მნიშვნელობა, თუ რამდენი მოქალაქე აწერს ხელს ამ მოთხოვნას, რადგან ერთი ადამიანის განცხადებაც საკმარისი იქნებოდა რეაგირებისთვის. მან დარბაზში მყოფ განმუხურის მცხოვრებლებს მიმართა, რომ შეისწავლიან ამ საკითხს:
„მოგეხსენებათ, რომ გაზიფიკაციას აწარმოებს კერძო კომპანია „სოკარი“. იყო საუბარი, რომ საზღვრის პირას მცხოვრებ მოსახლეობასთან მუნიციპალიტეტი დადგებოდა გვერდით. ზუსტად მეც არ ვარ ჩახედული ახლა, რატომ არ მოხვდა აქ განმუხური. ვიცი, რომ კოკსა და ორსანტიაში ეს თემა არის მოწესრიგებული და იქ უფასოდ მოხდა გაზიფიცირება. აუცილებლად მოვიკითხავ ამ საკითხს“, - განაცხადა ბესიკ ჭეჟიამ.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა დღეს გაიმართა.