ზუგდიდის თეატრი 150 წლის იუბილეს ნათხოვარ შენობაში პრემიერით შეხვდება
რაც შეეხება თეატრში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს, ზურაბ ეგუტიას ინფორმაციით, ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან შენობის მდგრადობასთან დაკავშირებით დასკვნა მიიღეს, რომლის თანახმადაც ის სრულად უნდა დაინგრეს და არა ნაწილობრივ, როგორც თავდაპირველად იყო დაგეგმილი. დღეს ეკონომიკის სამინისტროსგან ოფიციალური ნებართვის პასუხს ელოდებიან, ვის ბალანსზეც თეატრია. თუმცა, განმარტა ისიც, რომ ზეპირი თანხმობა უკვე აქვთ. რატომ შეიცვალა დასკვნა, ზურაბ ეგუტია აღნიშნავს:

„დანგრევა რომ დაიწყეს და მიადგნენ კედელს, მერე აღმოჩნდა, რომ ეს ძველი კედელი უსაფრთხო არ იქნება. მოილაპარაკეს სამხარაულმა, ქართუ ჯგუფმა, მერიამ და სამინისტრომ, რომ ჯობს დაინგრეს შენობა მთლიანად. თანხები მნიშვნელოვნად არ გაიზრდება და არც დრო. ახლის აშენება უფრო ადვილი იქნებაო და უფრო ხარისხიანიც“, - გვითხრა დირექტორმა.
თითქმის გადაწყვეტილი რომ იყო თეატრის შენობის სრულად დანგრევა და მის ნაცვლად ახლის მშენებლობა, ამის შესახებ მან „ლაივპრესს“ ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში განგვიცხადა.

ოფიციალური ინფორმაციით, რეკონსტრუციისთვის ჯამში 10 მილიონ ლარამდე დაიხარჯება. თანხიდან 4 მილიონი სცენის მოსაწყობად არის გათვლილი.
ახალ თეატრს ექნება ევროპული სტანდარტების ორი დარბაზი. დიდი დარბაზი გათვლილია 370 მაყურებელზე, მცირე კი 130 ადამიანზე. თეატრს ექნება სახელოსნო, საგრიმიორო, სამკერვალო, საკონფერენციო დარბაზი, კაფე, განთავსდება სასტუმრო სტუმრებისთვის. დამონტაჟდება განათების, გახმოვანების უახლესი აპარატურა.