ახალი ამბები
გუბერნატორის ადმინისტრაციის ანგარიში საოკუპაციო ხაზთან ჩატარებულ სამუშაოებზე
საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2013 წლიდან დღემდე 91 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.

საგზაო ინფრასტრუქტურისთვის - 15 მილიონი ლარი დაიხარჯა, ხიდების რეაბილიტაციისთვის კი 1 მილიონ ლარამდე დაიხარჯა. რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ხიდებს სოფლებში რუხი, შამგონა და ხურჩაში.

წყალმომარაგების პროექტების განხორციელებისთვის 11 580 000 ლარი დაიხარჯა. აქედან უმეტესი ნაწილი განმუხურის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობაზე მოდის.

გუბერნატორის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მდინარე ენგურზე მასშტაბური ნაპირსამაგრი სამუშაოები ჩატარდა ტყაიას, შამგონას, კოკის და ორსანტიას მონაკვეთზე, რისთვისაც 3 320 000 ლარი დაიხარჯა.
რემონტი ჩაუტარდა საბავშვო ბაღებს, კულტურულ და სპორტულ ობიექტებს გადაიხურა მრავალბინიანი კორპუსები, სადაც ძირითადად დევნილი ოჯახები ცხოვრობდნენ.

გაზიფიცირების სამუშაოები ჩატარდა განმუხურში, ორსანტიაში, შამგონაში, კოკში, ტყაიასა და რიყეში.

გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში განხორციელდა მსხვილი ინფრასტრუქტურული სამუშაოები. სოფელ რუხში აშენდა მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრი. სადაც განთავსებული სავაჭრო ობიექტებით და მომსახურეობის სერვისებით საოკუპაციო ზოლის ორივე მხარეს მცხოვრები მოქალაქეები სარგებლობენ.

რუხში დასრულდა საუნივერსიტეტო კლინიკის მშენებლობა, სადაც ამჟამად შიდა სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. საავადმყოფო 220-ადგილიანი იქნება. კომპლექსის მშენებლობისთვის 41 მილიონი ლარი იხარჯება.

„გარდა ამისა, გამყოფი ხაზის გასწვრივ ენგურჰესზე მოეწყობა ტურისტული ინფრასტრუქტურა. რაც მოიცავს გადასახედ მოედნებს, საბაგირო გზას, სამეცნიერო და აღმოჩენათა ცენტრს, ღია საკონცერტო სივრცესა და მსოფლიოში არსებულ ყველაზე მაღალ ლიფტს კაშხალზე" - ნათქვამია ადმინისტრაციის ანგარიშში.