ახალი ამბები
სენაკის სასამართლომ ადგილობრივი ხელისუფლების წინააღმდეგ მოქალაქეთა სარჩელის განხილვა დაიწყო
სენაკის რაიონულმა სასამართლომ დღეს, სკვერის გასხვისების გამო ადგილობრივი ხელისუფლების წინააღმდეგ მოქალაქეთა სარჩელის განხილვა დაიწყო. 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელმა ჯემალ ჭკადუამ, რომელიც სასამართლოში მოქალაქეთა ინტერესებს იცავს „ლაივპრესს“ უთხრა, რომ მოპასუხე მხარეს წარმოადგენს სენაკის საკრებულო, თუმცა მოსამართლემ საქმეში სენაკის მერია და სხვა დაინტერესებული მხარეები ჩართო, რის გამოც სასამართლო გადაიდო.

„სარჩელი უნდა გადაეგზავნოს ყველა დაინტერესებულ მხარეს გასაცნობად, ამიტომ მორიგი სხდომის გამართვის თარიღი მოგვიანებით ჩაინიშნება“, - განაცხადა ჯემალ ჭკადუამ.

სკვერის ტერიტორიის გასხვისების გამო სენაკში საპროტესტო აქციები გასულ წელს გაიმართა.

აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ სკვერი რეკრეაციული ზონაა და მისი კერძო პირზე გადაცემა უკანონოა.

სკვერის ტერიტორიაზე კერძო კლინიკა აშენდა.