არა დიდ და დამანგრეველ ჰესებს - საპროტესტო აქცია თბილისში [ფოტო]

როგორც „ლაივპრესს“ აქციის მონაწილე დავით გულბანმა განუცხადა, აქციაში მონაწილეობას იღებენ მოქალაქეები, მათ შორის ისინი, რომლებიც რაჭიდან და სვანეთიდან აქციისთვის დედაქალაქში საგანგებოდ ჩავიდნენ.

„აქცია არის სამოქალაქო ფორმატის. არ არის კონკრეტულად რომელიმე ჯგუფი გამოკვეთილი. აქ არიან რაჭველები, ზემო და ქვემო სვანეთიდან ჩამოსულები, ლეჩხუმელები და აქტიური სამოქალაქო ნაწილი, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ მსგავსი პროექტები, როგორც მინიმუმ, სახელმწიფოს მხრიდან მეტი პასუხისმგებლობით უნდა იყოს განხორციელებული. ამ ფაქტმა გაგვაერთიანა ყველა და გაერთიანებული ძალებით ვაკეთებთ აქციას ის ადამიანები, ვისაც გული შესტკივა ქვეყნის მომავალზე“, - განაცხადა დავით გულბანმა. მისი ცნობით, მოქალაქეების შეკრებას არც ჰესის მშენებელი კომპანიის და არც ხელისუფლების წარმომადგენლები არ გამოხმაურებიან.

„ჩვენ არავისთვის მიგვიმართავს. გვინდა საზოგადოებას შევახსენოთ, თუ რა მნიშვნელობა აქვს ამ საკითხს ქვეყნისთვის და დღეს დავიშლებით“, - ამბობს დავით გულბანი.
შემდეგი აქცია დაგეგმილია მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში 21 აპრილს, 15:00 საათზე.

ჰესების მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით თბილისსა და სვანეთში არაერთხელ გაიმართა საპროტესტო აქციები. მესტიაში ჰესების მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქცია ბოლოს 1 აპრილის ღამეს დაიშალა. შესაბამისი გადაწყვეტილება შეკრებილებმა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე კახაბერ საბანაძესთან შეხვედრის შემდეგ მიიღეს, რომელმაც აიღო პასუხისმგებლობა, მშენებლობის შეჩერების შესახებ, სანამ ჰესების გარემოზე ზემოქმედების შესახებ დოკუმენტი არ იქნება წარმოდგენილი.

მდინარე მესტიაჭალაზე 30-მეგავატიან ჰესს საინვესტიციო კომპანია Galt&Taggart-ი ავსტრიულ კომპანია RP Global-თან ერთად აშენებს სპეციალურად შექმნილი კომპანიის, „სვანეთი ჰიდროს“ მეშვეობით. პროექტის თანახმად, არაკაშხლური ტიპის, „მომდინარე წყალზე“ დადგმული ჰესი წლიურად გამოიმუშავებს საშუალოდ 100 მლნ კვტ/სთ-ზე მეტ ელექტროენერგიას. კომპანია „სვანეთი ჰიდრო-ს“ ინფორმაციით, ამ ტიპის ჰესი მსოფლიოში აღირებულია, როგორც ყველაზე უსაფრთხო და გარემოზე მინიმალური ზემოქმედების მქონე. კომპანიის განცხადებითვე, მშენებლობა უკვე ერთი წელია მიმდინარეობს და ამ პერიოდში მოსახლეობის მხრიდან არანაირი წინააღმდეგობა არ ყოფილა, დღეს კი ჰესის მშენებლობას ეწინააღმდეგება მხოლოდ მცირე ჯგუფი, რომელსაც არ სურს არგუმენტირებული პასუხების მოსმენა.
ფოტოები „ლაივპრესს“ დავით გულბანმა მოაწოდა.