ძალადობრივი დანაშაულისთვის მსჯავრდებულების შეწყალებას პრეზიდენტი დროებით წყვეტს
„ჩვენ დროებით ვწყვეტთ ძალადობრივ დანაშაულთან მიმართებაში შეწყალების აქტების გამოცემას, სანამ არ გავივლით კონსულტაციას შეწყალების პროცესის ყველა აქტორთან, რაც თავის თავში მოიცავს არა მარტო სახელმწიფო უწყებებს, ვინც ჩვენ გვაძლევს დახასიათებებს, არამედ აგრეთვე იმ ჯგუფებს, რომლებიც სპეციფიკურად ძალადობაზე მუშაობენ, ქალთა მიმართ ძალადობაზე მუშაობენ და შესაძლოა, მოგვცენ უფრო მეტი და კონკრეტებული რჩევა ამ თემების გააზრებასთან დაკავშირებით. მხოლოდ ამის შემდეგ აღადგენს კომისია გადაწყვეტილების მიღების პროცესს ძალადობრივ დანაშაულებებთან მიმართებაში“, - განმარტა გიორგი მარგველშვილმა.
მისი თქმით, ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულისთვის თავის დროზე რომც არ გაენახევრებინა სასჯელი, მას კალენდარულად უკვე მოხდილი ექნებოდა.
„ჩვენ მაინც უაღრესად მძიმედ აღვიქვამთ, როგორც ამ მოვლენას, ასევე იმ ფაქტს, რომ ასეთ დანაშაულში ბრალდებული ადამიანის მიმართ შეწყალების მოტივაცია გაგვიჩნდა. ეს ნათლად ასახავს იმ საჭიროებას, რომ ჩვენ კიდევ უფრო ღრმად ჩავუღრმავდეთ ყველა პროცედურულ დეტალს, რის საფუძველზეც ვიღებთ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
13 აპრილს, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილი მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 14 აპრილს, მოკლულის მამინაცვალი, ვეფხია ბაქრაძე დააკავა, რომელიც ადრე ოჯახში ძალადობის მუხლით სასჯელს იხდიდა და პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე ვადაზე ადრე გათავისუფლდა.