ახალი ამბები
ნუგზარ წიკლაური: კორცხელის ინციდენტში თუ ვინმეა ნაკლებად დამნაშავე, ესენი ბრალდებულები არიან [ვიდეო]
კორცხელის საქმეზე ზუგდიდის სასამართლოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნუგზარ წიკლაური დაიკითხა, რომელმაც გაიხსენა 2016 წლის 22 მაისს, შუალედური არჩევნების დღეს განვითარებული მოვლენები. მისი განცხადებით, ეს იყო ჩვეულებრივი ორგანიზებული თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე. წიკლაურისვე განმარტებით, დასანანიც კია - დღეს ბრალდებულის სკამზე სხედან მხოლოდ სპორტსმენები, და მათთან ერთად არ არიან ორგანიზატორები და დამკვეთები - ბიძინა ივანიშვილი და კახი კალაძე.

„კორცხელის ინციდენტს ჰყავს ორი მსხვერპლი, ნაცემები და ისინი, ვინც მათ სცემა. მალე მოვა დრო, როცა დანაშაულისთვის მარტო მეისრეები არ დაისჯებიან. ეს იყო თავდასხმა თავდასხმა ამომრჩევლებზე, სახელმწიფოსა და დემოკრატიულ ღირებულებებზე“, - განმარტა მან.

ნუგზარ წიკლაურმა არჩევნების დღეს მომხდარი დაპირისპირება ორ ეპიზოდად დაყო. ენმ-ის წევრის თქმით, ის კენჭისყრის უბნის შესასვლელთან იმყოფებოდა, როცა დაახლოებით 50 მეტრის მოშორებით ჩოჩქოლის ხმა შემოესმა, რომელიც მალევე ჩხუბში გადაიზარდა. თუმცა ვინ დაიწყო პირველმა და ვის წინააღმდეგ, არ დაუნახავს. ამბობს, რომ პირველი ინციდენტი მალევე ამოიწურა. რაც შეეხება შეხლა-შემოხლის მეორე ტალღას, მისი განმარტებით, ერთბაშად 15-20 კაცამდე ფიზიკურად ძლიერი აღნაგობის ადამიანი გამოეყო ენმ-ის მხარდამჭერთა მოპირდაპირედ შეკრებილი ხალხის მასას და მათზე „იერიში მიიტანეს“ . ნუგზარ წიკლაურის თქმით, დაინახა, რომ სპორტსმენმა კობა ტყეშელაშვილმა აკაკი მინაშვილს დაარტყა , რის შედეგადაც მას დაზიანებები აღენიშნებოდა, მათ შორის ცხვირი ჰქონდა გატეხილი და სავარაუდოდ ტვინის შერყევაც მიიღო. ოპოზიციური პარტიის ლიდერმა სასამართლოს განუცხადა, რომ როცა ნიკანორ მელია ნახა, მასზე გარეგანი დათვალიერებით დაზიანებები ვერ შენიშნა. მელიასთან ჩხუბის ეპიზოდში მან გიორგი გიგაურის მონაწილეობის ფაქტი გაიხსენა.

„მათთვის წინააღმდეგობის გაწევა იყო წრამოუდგენელი. ეს იგივეა, მე რომ მესისთან ფეხბურთი მათამაშო. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ორგანიზებულ ჯგუფს ჰყავდა შერჩეული სამიზნე ადამიანები. მე არჩევნების წინა დღეს ზუგდიდში ყოფნისას დავინახე ძლიერი აღნაგობის ადამიანები. ისინი ჯგუფად გადაადგილდებოდნენ. ვიფიქრე, რომ ადგილობრივები არ იქნებოდნენ. შემდეგ მედიით შევიტყვე, თბილისიდან სპეციალური ჯგუფი იყო წარმოგზავნილი, რომლებიც კენჭისყრის უბანთან შეკრებილებს თავს უნდა დასხმოდნენ. კორცხელში „ოცნების“ შტაბის სიახლოვეს ვნახე მეორე დღეს უცნობი ადამიანები, და გამიმყარდა რწმენა, რომ ეს ინფორმაცია სიმართლე იყო“, - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

მისივე თქმით, თუ ვინმეა ნაკლებად დამნაშავე მომხდარში, ესენი ჩხუბში მონაწილეები არიან.

სასამართლო სხდომაზე შესვენება გამოცხადდა. პროცესი აკაკი მინაშვილის დაკითხვით და მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება. დღესვეა დაბარებული პროკურატურის მიერ ნიკანორ მელიაც. ამით მოწმეთა დაკითხვა დასრულდება, რის შემდეგაც დაკითხავენ ბრალდებულებს.

22 მაისს, შუალედურ არჩევნებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელის საარჩევნო უბანთან სპორტსმენები და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. შედეგად ექვსი ადამიანი სხვადასხვა სახის დაზიანებით ზუგდიდის რეფერელურ საავადმყოფოშიც იყო მოთავსებული, მათ შორის ორი პოლიციელი. ინციდენტისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ჟურნალისტებსაც.