ახალი ამბები
როგორ დავიცვათ თავი სასოფლო-სამეურნეო პრეპარატების გამოყენებისას [ვიდეო]
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოქალაქეებს, აზიური ფაროსანასა თუ სხვა ნებისმიერი მავნებლის წინააღმდეგ პრეპარატების გამოყენებისას, დაიცვან მასზე მითითებული უსაფრთხოების ზომები. აცხადებენ, რომ დაუშვებელია სასოფლო-სამეურნეო პრეპარატების გამოყენება დახურულ საცხოვრებელ სივრცეში, ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გარეშე. ამასთან, მათივე ინფორმაციით, პესტიციდის არასწორმა გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ინტოქსიკაცია, თუმცა, ადამიანის ლეტალობის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. სააგენტოში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ლეტალური შედეგის დადგომა შესაძლებელია გამოიწვიოს უსაფრთხოების წესების უხეშმა დარღვევამ, როგორიცაა პრეპარატის გადაყლაპვა, დალევა.

როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილე ზურაბ ლიპარტიამ „ლაივპრესთან“ საუბარში აღნიშნა, ნებისმიერი პესტიციდი საშიშია ადამიანებისთვის და ცხოველებისთვის, თუ ის არ გამოიყენება მასზე მითითებული მოხმარების პირობების დაცვით. მისი სიტყვებით, ტოქსიკოლოგიაში არსებობს გამონათქვამი - „დოზა ქმნის შხამს“, რაც კარგად გამოხატავს პრეპარატების მოხმარების არსს:

ფოტოზე: ზურაბ ლიპარტია

„პირველი რეკომენდაციია წაიკითხონ ის ინფორმაცია, რაც დატანილია ამა თუ იმ პრეპარატის ეტიკეტზე. არ არის აუცილებელი პროფესიონალური, ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენება, ისეთის, როგორიცაა აირწინაღი, კომბინიზონი და ა.შ. ეს საშუალებები ჩვენ გამოვიყენეთ მაშინ, როდესაც თითოეულ ოპერატორზე მოდიოდა 30-33 ჰექტარი ნაკვეთი დასამუშავებლად. უნდა გვქონდეს დოლბანდი, პლასთმასის სათვალეები და გრძელმკლავიანი პერანგი. ეს სრულიად საკმარისია, რომ ადამიანმა დაიცვას თავი ამ პრეპარატებისგან. არსებობს რამდენიმ გზა ინტოქსიკაციის. ეს არის ჩაყლაპვა, ჩასუნთქვა და ინტოქსიკაცია კანიდან. უნდა დავიცვათ ეს წესები და პრეპარატის გამოყენება არ იქნება საშიში“, - აცხადებს ზურაბ ლიპარტია.

ფოტოზე: ლაშა შალამბერიძე

სურსათის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, რომ საცხოვრებელ სახლებში მავნებლის განადგურება უნდა მოხდეს მექანიკური საშუალებებით და იმ პრეპარატებით, რომლებსაც რეკომენდაციას უწევს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი. რაც შეეხება მავნებლის წინააღმდეგ სახელმწიფოს მიერ დაგეგმილ შეწამვლით ღონისძიებებს, როგორც აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის აბაშის შტაბში აცხადებენ, სამუშაოების დაწყებამდე 24 საათით ადრე ხდება მოსახლეობის გაფრთხილება.

შტაბის უფროსის ლაშა შალამბერიძის განცხადებით, წამლობა ხდება ორი მეთოდით. პირველი, ეს არის თერმული ნისლის დანადგარით. ასეთ შემთხვევაში ერთი დღით ადრე აფრთხილებენ მოსახლეობას, რომ დახურონ ფანჯრები, მათ კი, ვისაც ფუტკარი ჰყავს, ჩაკეტონ ის სკაში, სანამ არ დასრულდება შეწამვლითი სამუშაოები. მეორე მეთოდი არის ე.წ. ცივი შესხურება სპეციალური დანადგარით, რომლითაც მეტ წილად ხდება დიდი ტყის მასივების დამუშავება.

რაც შეეხება შეწამვლის სამუშაოების დაწყების თარიღს, შტაბის უფროსი აცხადებს, რომ დაიწყებენ, როგორც კი კლიმატური პირობები იქნება შესაბამისი, ანუ ჰაერის ტემპერატურა დღე-ღამის პირობებში იქნება 15 გრადუსი. სპეციალისტების დასკვნით, სწორედ ასეთ ვითარებაში გამოდის აზიური ფაროსანა აქტიურად სამალავებიდან.

ფოტოზე: აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის შტაბი აბაშაში

19 აპრილს მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებისას თავდაცვის საკითხი განსაკუთრებით აქტუალური გახდა. ეს მას შემდეგ, რაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში შუახნის კაცი გარდაიცვალა. გამოცემა Ipress წერდა, რომ მამაკაცი შეუძლოდ მას შემდეგ გახდა, რაც საკუთარი სახლის სხვენში ფაროსანასა და სხვა მწერების საწინააღმდეგო შეწამვლითი სამუშაოები დაასრულა. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.