ახალი ამბები
ახალგაზრდული მოძრაობა სვანეთის ხელშეუხებელ ზონად გამოცხადებას მოითხოვს
„სვანეთის ახალგაზრდული მოძრაობა“ ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ პროტესტის შეწყვეტას არ გეგმავს. მათ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ "მესტია-ჭალა ჰესის" მშენებლობის პროცესში გამოვილინდა დარღვევები, რაც მათ დათმობაზე წასვლის უფლებას არ აძლევს. ისინი მოითხოვენ, ხელისუფლებამ სვანეთი ხელშეუხებელ ზონად გამოაცხადოს.

„სვანეთის ახალგაზრდული მოძრაობა“ არ აპირებს არც ერთი ნაბიჯით უკან დახევას. გამომდინარე იქიდან, რომ „მესტია-ჭალა ჰესის“ მშენებლობის სამუშაოები არის ნახევრად შესრულებული, მივდიოდით დათმობაზე: 1. ერთი მდინარე მაინც უნდა დაეტოვებინათ 2. შეემცირებინათ მეგა ჰესის მაშტაბი და მესამე - მაქსიმალურად დაეცვათ უსაფრთხოების ნორმები. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, თუ თქვენ არ აპირებთ ჩვენს გათვალისწინებას, მოგიწევთ ჩვენ სხეულზე გადავლა!

ექსპერტებთან საუბრის შედეგად ცალსახად დაიდო დასკვნა, რომ გაქვთ უამრავი დარღვევა, რაც თითოეულ ჩვენგანს აძლევს ლოგიკური ეჭვების საფუძველს, ძალასა და შემართებას, რომ ჩვენ აუცილებლად, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს ვიდეგთ ბოლომდე.

დადოს სახელმწიფომ მორატორიუმი და გამოაცხადოს სვანეთი ხელშეუხებელ ზონად. ესაა ჩვენი მოთხოვნა. გაფრთხილებთ, თუ რომელიმე ჩვენგანზე განხორციელდება ფიზიკური ზეწოლა, პროცესები გახდება უმართავი. უკან დახევას არ ვაპირებთ.

არანაირ თანხაზე, არანაირ მატერიალურ ანაზღაურებასა და შემოთავაზებაზე არ წამოვეგებით. ეს უკვე კარგად გასაგები უნდა იყოს, მაგრამ მაინც დავწერთ, რადგანაც აქვს ადგილი მსგავს ქმედებებს. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. განსაკუთრებით კი მაშინ, როცა სიმართლე შენს მხარესაა. ეს ბრძოლა იქნება კიდევ ერთი მაგალითი და პასუხი იმის, რომ ყველაფერი ფულზე არ იყიდება“, - ნათქვამია განცხადებაში.

მანამდე „სვანეთის ახალგაზრდულმა მოძრაობამ“ ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ მესტიასა და თბილისში გამართულ არაერთ აქციაში მიიღო მონაწილეობა. 

მდინარე მესტიაჭალაზე 30-მეგავატიან ჰესს საინვესტიციო კომპანია Galt&Taggart-ი ავსტრიულ კომპანია RP Global-თან ერთად აშენებს სპეციალურად შექმნილი კომპანიის, „სვანეთი ჰიდროს“ მეშვეობით. პროექტის თანახმად, არაკაშხლური ტიპის, „მომდინარე წყალზე“ დადგმული ჰესი წლიურად გამოიმუშავებს საშუალოდ 100 მლნ კვტ/სთ-ზე მეტ ელექტროენერგიას. კომპანია „სვანეთი ჰიდრო-ს“ ინფორმაციით, ამ ტიპის ჰესი მსოფლიოში აღირებულია, როგორც ყველაზე უსაფრთხო და გარემოზე მინიმალური ზემოქმედების მქონე. კომპანიის განცხადებითვე, მშენებლობა უკვე ერთი წელია მიმდინარეობს და ამ პერიოდში მოსახლეობის მხრიდან არანაირი წინააღმდეგობა არ ყოფილა, დღეს კი ჰესის მშენებლობას ეწინააღმდეგება მხოლოდ მცირე ჯგუფი, რომელსაც არ სურს არგუმენტირებული პასუხების მოსმენა.