ახალი ამბები
ზუგდიდელმა მოჭადრაკეებმა მუმბაელი თანატოლები დაამარცხეს
ზუგდიდელმა მოჭადრაკეებმა ინდოეთის ქალაქ მუმბაის „ინდური საჭადრაკო სკოლის“ მოჭადრაკეები დისტანციურად, ინტერნეტის მეშვეობით გამართულ შეხვედრაში დაამარცხეს. გუნდები ათ-ათი მონაწილით იყვნენ წარმოდგენილი. დროის რეგლამენტი თითოეული მათგანისთვის 25 წუთით იყო განსაზღვრული, პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე ათი წამის დამატებით.

ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერიის „სპორტულ დაწესებულებათა მართვის ცენტრის ჭადრაკის განყოფილების“ მიერ „ლაივპრესისთვის“ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, დაპირისპირებისთვის ადგილი ზუგდიდელ ბავშვებს ტექნოპარკში გამოუყვეს.

შეხვედრა ადგილობრივი მოჭადრაკეების სასარგებლოდ 7.5 - 2.5 დასრულდა. მათ მონაწილეობის მიღებისთვის სერთიფიკატები გადაეცათ.

ეს იყო განმეორებითი შეჯიბრი მუმბაელ მოჭადრაკეებთან. პირველი შეხვედრა ფრედ - 2:2 დასრულდა, თუმცა მაშინ თითოეული გუნდი 4-4 მონაწილით იყო დაკომპლექტებული.

უფრო ადრე ზუგდიდელი მოჭადრაკეები ასევე დისტანციურად ამერიკის ქალაქ სენტ ლუისის თანატოლებს დაუპირისპირდნენ და მინიმალური სხვაობით დამარცხდნენ.