ახალი ამბები
ზუგდიდელი ისტორიკოსი ბოტანიკურ ბაღში მდებარე ქვის კულტურულ ძეგლად გამოცხადებას ითხოვს [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდში მცხოვრებმა მკვლევარმა ციცო შენგელაიამ დღეს ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში მდებარე ქვის ფილის ისტორიაზე ნაშრომის პრეზენტაცია გამართა.

მკვლევარის ვერსიით, ქვა, რომელიც მე-17 საუკუნიდან ისტორიულ-სამართლებრივი მნიშვნელობის ძეგლს, ე.წ „ქვა ტახტს“ წარმოადგენდა, იდგა დადიანების სასახლის ეზოში, ცაცხვის ხის ქვეშ და აქ ხორციელდებოდა მართლმსაჯულება.

მისივე თქმით, უნდა მოხდეს ისტორიული ქვის კულტურულ ძეგლად გამოცხადება და დადიანების სასახლის ეზოში დაბრუნება.

„20 წელია რაც კვლევას ვაწარმოებ ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით, საველე მუშაობით. ვფიქრობ, რომ ქვა, რომელიც ახლა ბოტანიკურ ბაღში მდებარეობს, უნდა დაუბრუნდეს თავის ადგილს, ცაცხვის ხეს სასახლის ეზოში“, - განაცხადა ციცო შენგელაიამ.

ისტორიკოსის ვერსიას ქვის მდებარეობის შესახებ პრეზენტაციაზე მოწვეულ სტუმრებს შორის დისკუსია მოჰყვა.

ნაწილის აზრით, კვლევას სჭირდება მეტი ისტორიული წყაროს წარმოდგენა, ნაწილი კი ფიქრობს, რომ ქვის ისტორია მეტ ყურადღებას იმსახურებს და მისი პირვანდელ ადგილას დაბრუნება ფართო მსჯელობის საგანი უნდა გახდეს.

მათ შორის არის ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატი სანდრო სორდია. მისი თქმით, ქვის ისტორიის გაცნობით ტურისტებს ექნებათ საშუალება გაიგონ, თუ როგორი ევოლუცია განიცადა ქართულმა მართლმსაჯულებამ.

ბოტანიკური ბაღის დირექტორმა ზვიად ქარჩავამ განაცხადა, რომ ის წინააღმდეგია ბაღის ტერიტორიიდან ქვის გატანის, რადგან მისი აზრით, „სწორედ ბოტანიკური ბაღი უნდა დაიტვირთოს ტურისტებისთვის სანახაობრივად“.

კვლევის პრეზენტაციას, რომელიც ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ოფისში გაიმართა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ისტორიკოსები, მოქალაქეები და ჟურნალისტები ესწრებოდნენ.