შსს: სვანეთში ჰესების მშენებლობის საკითხზე მოსახლეობასთან შეთანხმება შედგა
სამინისტროს ცნობით, პოზიციათა გაცვლის შემდეგ, ყველა მხარე შეთანხმდა, რომ ეკონომიკური სიმძლავრეების გაზრდას და ენერგოდამოუკიდებლობას ქვეყნის განვითარებისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს და მშენებარე ჰესებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიიღეს.
კახა საბანაძის თქმით, ენერგეტიკული სიმძლავრეების განვითარება არ უნდა მოხდეს მოსახლეობის ნების საწინააღმდეგოდ.
„ენერგეტიკული სიმძლავრეების ზრდა, პირველ რიგში, სწორედ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას ემსახურება. სახელმწიფო ერთი მხრივ უზრუნველყოფს განვითარებას და მშენებლობის უწყვეტ წარმართვას, და მეორე მხრივ, ამ პროცესში მოსახლეობის ინტერესების დაცვას და მათ ჩართულობას. ჩვენ მოსახლეობას მივეცით გარანტია, რომ მათი აზრის გათვალისწინების გარეშე მშენებლობა არ შედგებოდა“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
ჰესების მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით თბილისსა და სვანეთში არაერთხელ გაიმართა საპროტესტო აქციები.
მდინარე მესტიაჭალაზე 30-მეგავატიან ჰესს საინვესტიციო კომპანია Galt&Taggart-ი ავსტრიულ კომპანია RP Global-თან ერთად აშენებს სპეციალურად შექმნილი კომპანიის, „სვანეთი ჰიდროს“ მეშვეობით. პროექტის თანახმად, არაკაშხლური ტიპის, „მომდინარე წყალზე“ დადგმული ჰესი წლიურად გამოიმუშავებს საშუალოდ 100 მლნ კვტ/სთ-ზე მეტ ელექტროენერგიას. კომპანია „სვანეთი ჰიდრო-ს“ ინფორმაციით, ამ ტიპის ჰესი მსოფლიოში აღირებულია, როგორც ყველაზე უსაფრთხო და გარემოზე მინიმალური ზემოქმედების მქონე. კომპანიის განცხადებითვე, მშენებლობა უკვე ერთი წელია მიმდინარეობს და ამ პერიოდში მოსახლეობის მხრიდან არანაირი წინააღმდეგობა არ ყოფილა, დღეს კი ჰესის მშენებლობას ეწინააღმდეგება მხოლოდ მცირე ჯგუფი, რომელსაც არ სურს არგუმენტირებული პასუხების მოსმენა.