ახალი ამბები
ფერმერ ქალთა ასოციაციამ ზუგდიდელ ფერმერებს ევროპის ბაზრის სტანდარტები გააცნო [ვიდეო]
როგორ უნდა განვითარდეს სავაჭრო ურთიერთობები ევროკავშირთან, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის ევროპის ბაზარი და როგორ გააუმჯობესონ ფერმერებმა წარმოებული პროდუქციის ხარისხი, ამ თემებზე სასაუბროდ ზუგდიდში ფერმერებს ფერმერ ქალთა ასოციაცია შეხვდა.

„შეხვედრის მიზანია მითებისა და ლეგენდების მსხვრევა ევროკავშირის შესახებ, რომ მივაწოდოთ მეტი ინფორმაცია სავაჭრო ურთიერთობების თაობაზე. პირველ რიგში უნდა გაიზარდოს ბიოპროდუქტების წარმოება, რითაც უნდა მოხდეს შხამქიმიკატების ჩანაცვლება. ჩვენ ჯანმრთელ მომავალს ვერ გავზრდით, თუ არ ვიზრუნეთ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებაზე და სწორედ ეს არის ის ნიშა, რომელიც უნდა დავიკავოთ მსოფლიო ბაზარზე“, - განაცხადა ფერმერ ქალთა ასოციაციის თავმჯდომარე ირინე ფხოველიშვილმა.

მისივე თქმით, ამ პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალთა ჩართულობის გაძლიერება.

სოფლის მეურნეობის გაძლიერების ერთ-ერთ გზად ასოციაციის წარმომადგენელს კოოპერირება და ამ საქმეში ქალთა ჩართულობის გაზრდაა. ფიქრობს, რომ ქალი არ უნდა იყოს მხოლოდ შავი სამუშაოს შემსრულებელი, ის უნდა იყოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში აქტიურად ჩართული. ირინე ფხოველიშვილის განმარტებით, ფაქტია, რომ კოოპერატივს, რომელსაც ქალი ხელმძღვანელობს, უფრო კარგი შედეგები აქვს.

ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობებზე ფერმერებთან შეხვედრები რეგიონებში ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლობასთან ერთად ევროპის დღეების ფარგლებში მიმდინარეობს.

„ჩვენ ვსაუბრობთ იმ მითებზე, რომელიც ვრცელდება რუსეთის მიერ წარმოებული მზარდი ანტიდასავლური პროპაგანდის ფონზე. ამ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოებას ჰქონდეს ზუსტი და უტყური ინფორმაცია ევროკავშირის შესახებ“, - გვითხრა ნატოს და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ანა ცანავამ.

ევროპის დღეები წელს მეექვსედ იმართება. მისი მიზანი ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების, მიმდინარე ინტეგრაციის პროცესის შესახებ მოქალაქეთა ინფორმირება, სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების ჩართულობის გაზრდაა.