ცაიშის საუბნო კომისიების ენმ-ის წევრებს დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისრათ
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ კომისიას სამი საჩივრით მიმართა. საჩივრები ეხებოდა უბნებზე „ნაციონალური მოძრაობიდან“ დანიშნული კომისიის წევრების მიმართ წილისყრის პროცედურებზე უარის თქმას. ორგანიზაციამ ენმ-ის წევრების მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება მოითხოვა.
არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, კომისიის წევრების ქმედება იყო სამსახურეობრივი მოვალეობის არაჯეროვანი შესრულება.
კომისიამ განიხილა მათი საჩივრები და საუბნო კომისიებში „ნაციონალური მოძრაობიდან“ დანიშნულ წევრებს თეონა გოგინავას, ნათია ჩოგოვაძეს და გელა შედანიას დააკისრა დისციპლინური პასუხისმგებლობა, რაც კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხის განმარტებით, ნიშნავს გაფრთხილებას.
საოლქო კომისიამ დღეს კიდევ ორი საჩივარი განიხილა, თუმცა არ დააკმაყოფილა. ერთი ეხებოდა 73-ე უბანზე კომისიის მდივნის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას, რადგან მდივანი, კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმების შემდეგ გარეთ გავიდა და ამომრჩევლების აქტივობის შესახებ სხვას ინფორმაცია მიაწოდა. მეორე საჩივრის მიხედვით კი, 74 - უბანზე რეგისტრატორი აწარმოებდა ცალკე ფურცელზე აღრიცხვას და ადამიანების ვინაობას ინიშნავდა. კომისიის გადაწყვეტილებით არცერთ შემთხვევაში კანონი არ დარღვეულა.
ცაიშის შუალედური არჩევნები 13 მაისს გაიმართა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ცაიშში გამართულ საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე „ქართული ოცნების“ კანდიდატმა თენგიზ ალმასიამ გაიმარჯვა.
ცაიშში არჩევნები საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო დაინიშნა. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში არჩეული ცაიშის მაჟორიტარი თამაზ ჟორჟოლიანი გასული წლის 2 ნოემბერს ტრაგიკულად დაიღუპა.