ნიკანორ მელია: მომდევნო ხელისუფლების პირობებში კორცხელის საქმე აუცილებლად გადაიხედება [ვიდეო]
„მომდევნო ხელისუფლების პირობებში საქმე აუცილებლად გადაიხედება. არ დაისჯებიან დღეს? დაისჯებიან ხვალ“, - აღნიშნა ენმ-ის წარმომადგენელმა და ბრალდებულის სკამზე მსხდომთ მიმართა, რომ ისინი მოძალადეები არიან. მელიას მხრიდან რამდენჯერმე ამ სიტყვის ხსენებას სპორტსმენ ნოშრევან წუწუმიას გაღიზიანება მოჰყვა, რომელმაც განაცხადა, რომ ნებისმიერ დროს გასცემენ პასუხს, თუ მათ მიმართ აგრესია იქნება. კამათის ორივე მხარეს მოსამართლე შოთა ბიჭიამ სიმშვიდისკენ მოუწოდა.
მოწმის თქმით, ჩხუბის პროვოცირება ერთ-ერთმა „ზონდერმა“ მოახდინა, როცა უკნიდან „მიეპარა“, დაარტყა და შემდეგ გაიქცა. თუ ვინ იყო ეს ადამიანი, ნიკა მელიამ არ იცის - „მე მას ამ სპორტსმენებს შორის ვერ ვხედავ. გეკითხებით, რატომ არ არის ის აქ?“, - მიმართა ენმ-ის წარმომადგენელმა პროკურორ ნუგზარ ჯიქიძეს.
მელიასვე სიტყვებით, ნაცატუს საარჩევნო უბნიდან კორცხელის უბანზე ის ის იყო მივიდა, როცა რამდენიმე სპორტული აღნაგობის ადამიანი შეხვდა გზად და გაესაუბრა. მალევე მათგან „აგრესია წამოვიდა“, რაც შემდეგ ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. ამბობს, რომ თავიდან „მოძალადეები“ დაახლოებით შვიდნი იყვნენ, ცოტა ხანში კი ეს რიცხვი 20-მდე გაიზარდა, რომელთა უმრავლესობასაც ბრალი არ წარდგენია. ენმ-ის წევრის თქმით, ადგილზე მხოლოდ ორი პოლიციელი იყო, რომლებიც პიკაპებში ჩასხდნენ და გაერიდნენ ვითარებას, რადგან ჩხუბში ჩაურევლობის დავალება ქონდათ.
„ეს ღირსების საქმეა. ან ვართ სახელმწიფო, ან არ ვართ. ეს პოლიტიკური საქმეა, ჩვეულებრივი სისხლის სამართლის საქმე არ არის“, - განმარტა მან.
ნიკა მელია ამბობს, რომ ყველაზე დიდი აგრესიით ჩხუბის დროს ვლადიმერ გეგეშიძე, გიორგი გიგაური და ნოშრევან წურწუმია გამოირჩეოდნენ. მისივე თქმით, მოძალადეებმა ნებისმიერი დემოკრატიული ხელისუფლების პირობებში კანონის წინაშე უნდა აგონ შესაბამისად პასუხი და მხოლოდ ჯარიმით არ უნდა „გამოძვრნენ“. მელიას სასამართლოს ობიექტურობის არ ჯერა.
მომდევნო პროცესზე, რომელიც 8 ივნისს, 15:00 საათზე ჩაინიშნა, ბრალდებულები დაიკითხებიან.
კორცხელის ინციდენტში ექვსი სპორტსმენი იყო ბრალდებული. ერთი, გიორგი ტყემალაძე რამდენიმე დღის წინ უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. ოთხს ბრალი წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე, ხულიგნობის მეორე ნაწილის ა" ქვეპუნქტით, ვლადიმერ გეგეშიძეს კი ამავე მუხლის მესამე ნაწილით.
22 მაისს, შუალედურ არჩევნებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში საარჩევნო უბანთან, სპორტსმენები და"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. შედეგად ექვსი ადამიანი საავადმყოფოშიც მოათავსეს სხვადასხვა დაზიანებით. მათ შორის ორი პოლიციელი. ინციდენტისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ჟურნალისტებსაც.