ახალი ამბები
კვლევა: სამეგრელო-ზემო სვანეთის საკრებულოების ხარჯები თითქმის ნახევარი მილიონით გაიზარდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების საკრებულოების ფრაქციების ხარჯი, წინა მოწვევის საკრებულოების იგივე მაჩვენებელთან შედრებით 481 560 ლარითაა გაზრდილი. ეს ზრდა ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობის შექმნით არის გამოწვეული, - ასეთი შედეგი აჩვენა საქართველოს რეფორმების ასოციაციის პროექტ ფაქტ-მეტრის კვლევამ. მან შეისწავლა თუ როგორ აისახა საკანონმდებლო ცვლილება საკრებულოებში ახალი თანამდებობის, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის დაემატება, ხარჯებზე, მისი ძალაში შესვლიდან ხუთი თვის შემდეგ.

კვლევაში ვკითხულობთ, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის მიმდინარე მოწვევის საკრებულოებში 303 წევრიდან 169 თანამდებობის პირია. ამდენად, 169 პირი შრომის ანაზღაურებას იღებს. წინა მოწვევის საკრებულოებში თანამდებობის პირთა რაოდენობა კი 139 იყო.

ფაქტ-მეტრის მონაცემებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის ცხრა მუნიციპალიტეტის საკრებულოებში, ჯამში, 303 წევრია. აქედან 130 პროპორციული, ხოლო 173 მაჟორიტარული წესით არის არჩეული. ყველაზე მეტი საკრებულოს წევრი (50) კი ზუგდიდის მუნიციპალიტეტშია, ხოლო ყველაზე ნაკლები (25 )ქალაქ ფოთში.

„სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებში წინა მოწვევის საკრებულოებს ფრაქციების ჯამური ხარჯი, თანამდებობრივი სარგოს სახით, წლიური 1 356 840 ლარი იყო. ეს ხარჯი საკრებულოების ფრაქციების თავმჯდომარეთა სარგოს წარმოადგენდა. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შეტანილი ცვლილების შემდეგ, მსგავსი ხარჯი არა მხოლოდ ფარქციის თავმჯდომარის სარგოა, არამედ მისი მოადგილ(ებ)ის. ამდენად, ხარჯები გაზრდილია და მიმდინარე მოწვევის საკრებულოში წელიწადში 1 838 400 ლარს შეადგენს. დღეისთვის, წინა მოწვევის საკრებულოსთან შედარებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში აღნიშნული ხარჯები 481 560 ლარითაა გაზრდილი“, - ნათქვამია კვლევაში.

ამავე მონაცემების მიხედვით, თანამდებობის პირების ანაზღაურების ხარჯების ყველაზე დიდი ზრდა ქალაქ ფოთის საკრებულოშია – 169 200 ლარი. ხოლო, კლება ზუგდიდში ფიქსირდება. რაც შეეხება საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარეების ხელფასს, წინა მოწვევის საკრებულოსთან შედარებით, ფოთისა და ხობის საკრებულოებში მისი ოდენობა გაიზრდა და არცერთ მუნიციპალიტეტში არ შემცირებულა.

ფაქტ -მეტრში აცხადებენ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით, ფრაქციის შექმნის არსებული რეგულაცია საშუალებას იძლევა, დღეს არსებული საკრებულოების შემადგენლობის გათვალისწინებით, კიდევ რამდენიმე ფრაქცია შეიქმნას, რაც ხარჯების დამატებით ზრდას გამოიწვევს.

ცნობისთვის, გასული წლის დეკემბერში მიღებული საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ, ყველა ფარქციის თავმჯდომარეს შეუძლია ჰყავდეს ერთი მოადგილე, ხოლო იმ ფრაქციას, რომლის წევრთა რაოდენობა ცხრას აღემატება – ორი მოადგილე. ფრაქციის შექმნისთვის საკრებულოს მინიმუმ სამი წევრის გარეთიანებაა საჭირო.