ახალი ამბები
„გოგონები მომავლიდან“ ადრეული ქორწინების და ძალადობის წინააღმდეგ [ვიდეო]
გოგონები მომვალიდან - ამ სახელწოდებით ზუგდიდის სამხატვრო გალერეაში ფოტოგამოფენა გაიმართა,  რომლის ფარგლებშიც სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, სხვადასხვა შეხედულებისა თუ ხასიათის გოგონების ფოტოები, ასევე წაეკითხათ საინფორმაციო ბარათები მათ შესახებ, რას ფიქრობენ მომავალზე და როგორი წარმოუდგენიათ ის. გამოფენას უფრო საინტერესოს ხდის ის ფაქტი, რომ ფოტოები მასზე ასახული 10-დან 16-წლამდე ასაკის გმირების თანატოლების მიერ არის გადაღებული.

ფოტოგრაფ დინა ოგანოვას დოკუმენტური ფოტოპროექტის მიზანია, საზოგადოებას დაანახოს, რომ გოგონების პოტენციალის სრულ რეალიზებას, მათთვის თანაბარი პირობებისა და თანასწორუფლებიანი გარემოს შექმნას, ხარისხიან განათლებასა და ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის განვითარებისთვის.

ფოტოპროექტი მომზადდა გაეროს რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების სააგენტოს (UNFPA-ს) საქართველოს ოფისის მხარდაჭერით, პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია შვედეთის მიერ.

გამოფენის გახსნას ზუგდიდში დაესწრნენ გაეროს რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების სააგენტოს წარმომადგენელი თურქეთში და საქართველოს ოფისის დირექტორი, კარლ კულესა, გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, ლელა ბაქრაძე, ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია, მოსწავლეები და პროექტში ჩართული ახალგაზრდა ფოტოგრაფები.

„ახალგაზრდები არის ჩვენი პოტენციალი, ამიტომ მნიშვნელოვანია ქვეყანამ ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ ყველა ახალგაზრდას თანაბრად ჰქონდეს შესაძლებლობა გამოავლინოს თავისი რესურსი და მის განვითარებაში წვლილი შეიტანოს. ისეთი პრაქტიკები, როგორც არის ადრეულ ასაკში ქორწინება, ძალადობა, როგორიც არის გენდერული ნიშნით სქესის შერჩევა ხელს უშლის ჩვენს ახალგაზრდობას სრულად გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი“, - განაცხადა ლელა ბაქრაძემ.

მისი თქმითვე, მსგავსი საკომუნიკაციო კამპანია, როგორიც არის ეს ფოტოპროექტი, ხელს უწყობს ახალგაზრდა გოგონებში ცნობიერების ამაღლებას, ინფორმირებას, საზოგადოების შეხედულებების დადებითად შეცვლას ამ პრობლემისადმი. როგორც ლელა ბაქრაძემ განმარტა, ზუგდიდი პირველი იყო რეგიონების ქალაქებიდან სადაც ეს გამოფენა ჩატარდა, შემდეგში უკვე დაგეგმილია ვიზიტი კახეთში, მოგვიანებით კი სხვა ქალაქებში.