წალენჯიხაში აქცია „ნუ მომკლავ“ გაიმართა
„ჩვენ მხარს ვუჭერთ და ვუცხადებთ სოლიდარობას დაღუპული დავით სარალიძის მამას და ვითხოვთ დამნაშავის დასჯას. ჩვენი მოთხოვნაა, რომ გამოძიება ჩატარდეს ობიექტურად, რათა საზოგადოებაში არ იყოს დაუსჯელობის სინდრომი“, - განუცხადა „ლაივპრსს“ აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა მელორ კვარაცხელიამ.
მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანია საზოგადოება, განსაკუთრებით კი მშობლები იყვნენ მობილიზებული და მუდმივად აკონტროლონ შვლების ყოველდღიური ცხოვრება.
საქართველოს სხვადასხვა ქალაქში თბილისის მსგავსად უკვე მესამე დღეა მხარდამჭერი აქციები მიმდინარეობს. შეკრებილები მხარს უჭერენ ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის ოჯახს, რომელიც გამოძიებით და სასამართლოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 10 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა არასრულწლოვანი ლევან დადუნაშვილის განზრახ, წინასწარი შეცნობით მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანს, გ.ბ-ს. მოსამართლის გადაწყვეტილებითვე, 9 წლით და 9 თვით პატიმრობა მიესაჯა არასრულწლოვანი დავით სარალიძის დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანს, გ.ჯ-ს. პროკურატურა ორივე არასრულწლოვანს ბრალს სდებდა ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში, თუმცა, მოსამართლემ ბრალდების მხარის პოზიცია არ გაიზიარა.