ახალი ამბები
ზუგდიდის მერიის თანამშრომელს ოკუპანტი ქვეყნის სიმბოლიკის გამოყენებისთვის გააფრთხილებენ
ზუგდიდის მერია არ იზიარებს და მისთვის მიუღებელია საკუთარი თანამშრომლის მიერ რუსეთის, როგორც ოკუპანტი ქვეყნის სიმბოლიკის გამოყენება. ამიტომაც, ადგილობრივი ხელისუფლების განმარტებით, გურამ (ცაცა) შელიას მისი უშუალო ხელმძღვანელი, ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის დირექტორი ზვიად ქარჩავა სიტყვიერად გააფრთხილებს.

„ვინაიდან ეს არის სენსიტიური საკითხი. ოკუპანტი ქვეყნის სიმბოლიკის გამოყენება ყოვლად მიუღებელია“, - უთხრეს „ლაივპრესს“ მერიაში.

ააიპ ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის მართვის ცენტრის თანამშრომელმა გურამ (ცაცა) შელიამ გამოაქვეყნა ფოტოსურათი, სადაც მას აცვია მაისური წარწერით „რუსეთი“ და ახატია ამავე სახელმწიფოს გერბი. ამბობს, რომ მაისური რუსეთის ნაკრების გულშემატკივრობის ნიშნად ჩაიცვა, რადგან ამ გუნდს ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროიდან გულშემატკივრობს. მისივე თქმით, სპორტი და პოლიტიკა სხვადასხვა რამეა.

მსოფლიო ჩემპიონატს, 2018 წლის 14 ივნისიდან 15 ივლისის ჩათვლით, რუსეთის 11 ქალაქის 12 სტადიონი უმასპინძლებს.