ყინულის მოედნის რეკონსტრქციისთვის ზუგდიდის მერიამ ტენდერი გამოაცხადა
სამუშაოს შესრულების ვადა ხელშეკრულების დადებიდან 86 კალენდარული დღით განისაზღვრა.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სამუშაოებზე საგარანტიო ვადა შეადგენს 3 სამ წელს, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დღიდან, რომლის განმავლობაში რაიმე ნაკლის, დეფექტის გამოვლენის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია გამოასწოროს ვითარება, შემსყიდველის მხრიდან დამატებითი დანახარჯების გაწევის გარეშე.
საგარანტიო პირობები არ ვრცელდება შესრულებული სამუშაოების სრულფასოვანი ფუნქციონირებით გამოწვეული ცვეთისა და გარე ფაქტორით დაზიანების შემთხვევაში. ასევე, ექსპლუატაციის წესების დარღვევის შემთხვევაში.
წინადადებების მიღება 23 ივნისს იწყება და ხუთ დღეში დასრულდება.
ყინულის სახლის რეკონსტრუქციისთვის 387 ათას 453 ლარის გამოყოფას დაუჭირა მხარი ზუგდიდის საკრებულომ პირველი ივნისის სხდომაზე. თანხა საქართველოს რეგიონული პროექტების ფონდიდან გამოიყო.
ყინულის მოედანი წლებია არ ფუნქციონირებს. მერიის ეკონომიკისა და ინფარსტრუქტურის განვითარების სამსახურში „ლაივპრესს“ შარშან დეკემბერში განუცხადეს, რომ მოედანი იანვრის თვეში გაიხსნებოდა. დაწესებულების აღდგენის სამუშაოებისთვის შარშან ადგილობრივი ბიუჯეტიდან 154 ათასი ლარი გამოიყო.