ახალი ამბები
მესტიაში მოკლული დეპუტატის საქმეზე ექვს მოწმეს სასამართლო იბარებს
მესტიაში მოკლული საკრებულოს წევრის, ლომარ ნიგურიანის საქმეზე ექვს მოწმეს სასამართლოს უწყებით დაიბარებენ. შესაბამისი შუამდგომლობით პროკურორმა ლევან ფიფიამ მოსამართლე შოთა ბიჭიას მიმართა. მისი განმარტებით, დღევანდელ სხდომაზე ყველა მათგანი დაიბარა, თუმცა ზოგისგან უარი მიიღო, რამდენიმე კი მოსვლას დაჰპირდა, თუმცა უშედეგოდ. მოსამართლემ ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

სასამართლომ ასევე იმსჯელა ბრალდებულ მამუკა ნიგურიანის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე და პატიმრობაში დარჩენის გადაწყვეტილება კვლავ ძალაში დატოვა. გაიზიარა პროკურორის არგუმენტი, რომ ყველა ის საფრთხე, რის გამოც თავის დროზე მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა, კვლავაც არსებობს. ადვოკატმა როზეტა ზარქუამ კი აღნიშნა, რომ მას მისი დაცვის ქვეშ მყოფთან კონსულტაციები არ გაუვლია, შესაბამისად არ იცის სასამართლოში გამოუცხადებლობის მიზეზი. ამიტომაც ფიქრობს, მის მიმართ აღკვეთის არცერთი ზომა არ უნდა გამოიყენონ.

პროკურორ ლევან ფიფიას დღეს კიდევ ორი შუამდგომლობა ჰქონდა -  სამი ექსპერტის დისტანციურად დაკითხვა, რომლებიც სამსახურებრივი საქმიანობის გამო ზუგდიდში ჩამოსვლას ვერ ახერხებენ და ასევე მაისის თვეში მიღებული ბალისტიკური და ბიოლოგიური ექსპერტიზების საქმის მასალებისთვის დართვა. ორივე შუამდგომლობა მოსამართლემ დააკმაყოფილა.

დღეს სულ ორი მოწმე დაიკითხა. ექსპერტებმა სასამართლოს მიაწოდეს ინფორმაცია, მათ მიერ განხორციელებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ.

სხდომას გარდაცვლილის ოჯახის წევრები არ დასწრებიან. საქმის განხილვა 10 აგვისტოს, 14:00 საათზე განახლდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 25 დეკემბერს დაბა მესტიაში, აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, პირადი კონფლიქტის საფუძველზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას, 1978 წელს დაბადებულმა მ.ნ.-მ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით მესტიის საკრებულოს წევრს, მუცლის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ლომარ ნიგურიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. მომხდართან დაკავშირებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაიწყო.

მოკლულის ოჯახი ფიქრობს, რომ საქმეზე გამოძიება თავიდანვე არასწორად დაიწყო და აქვთ ბევრი კითხვა, რომლებზეც პასუხებს ითხოვენ.