ახალი ამბები
სამინისტრომ გამოაქვეყნა დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც ზუგდიდში ახალ ბინას გადასცემენ
დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ დაასრულა 240 ბინის განაწილების პროცესი და სამინისტროს ვებ-გვერდზეც გამოქვეყნდა იძულებით გადაადგილებულ იმ პირთა სია, როლებსაც ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე ახალაშენებულ კორპუსებში ბინები გადაეცემათ. კომისიის გადაწყვეტილებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 9 ნგრევადი ობიექტი იხურება. ეს ობიექტებია:

კოსტავას ქ.№30 კორპ.№1 "ს/ს ზუგდიდის ცენტრ. საავადმყოფო", ბერანძის ქ.№11 ყოფილი პროფესიული სასწავლებელი, ვაჟა ფშაველას ქ.№26 „ინდბინათმშენი", თამარ მეფის ქ.№152 "შპს ლესო", ჭავჭავაძის ქ.№6 „სტამბა", ამავე ქუჩაზე მდებარე „მანქანათმშენებელი ქ“, ჯიქიას ქუჩაზე „სამკერვალო საამქრო", სოფელ დარჩელში "ბ/ბაღი 1" და სოფ.ორსანტიაში „კანტორას" შენობა.

სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მინისტრის მოადგილეები და დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის წევრები ინდივიდუალურად შეხვდებიან იმ ოჯახებს, რომლებსაც ბინების განაწილების პროცესთან დაკავშირებით შეკითხვები აქვთ.

„ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ვინც გამოქვეყნებულ სიაში აღმოაჩენს რაიმე სახის უზუსტობას, შეუძლია აღნიშნულის თაობაზე მიმართოს სამინისტროს, რომელიც თავს მხრივ მზადყოფნას გამოთქვამს, კონფიდენციალურობის სრული დაცვით გადაამოწმოს მოწოდებული ინფორმაცია. გამოქვეყნებული სია საბოლოო არ არის და შესაბამისი საფუძვლის შემთხვევაში შესაძლოა გადაწყვეტილება შეიცვალოს“, - ნათქვამია განცხადებაში.

სამინისტროს თქმით, რადგან ბინების განაწილების ყველა ეტაპი ღიად და გამჭვირვალედ მიმდინარეობს, სამინისტრო მოუწოდებს საპარლამენტო ოპოზიციას და სამეგრელოს რეგიონის მაჟორიტარ დეპუტატებს, აქტიურად ჩაერთონ დევნილთა მიღების პროცესში, რათა არ დარჩეს პასუხგაუცემელი კითხვები.

ამ ეტაპზე, ზუგდიდში ბარამიას ქუჩაზე კორპუსები კიდევ 360 დევნილი ოჯახისთვის შენდება.