შსს: სამეგრელოში ქალებზე ძალადობის სტატისტიკა მაღალია [ვიდეო]
შსს-ს წარმომადგენლის, ბელა ფიფიას განცხადებით, სამეგრელოს რეგიონში სამეგრელოს რეგიონში ოჯახში ქალთა ძალადობისა და მომართვიანობის სტატისტიკა მაღალია.

„ზოგადად, გასულ წლებთან შედარებით, სტატისტიკა არის გაზრდილი. სულ უფრო მეტი ქალი მიმართავს პოლიციას ძალადობისა და დისკრიმინაციის გამო. სამეგრელოს რეგიონში ამ ტიპის დანაშაულებების სტატისტიკა მაღალია“, - აღნიშნა სამინისტროს წარმომადგენელმა.
შეხვედრის ორგანიზატორის, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის დირექტორ ნინა ხატისკაცის განცხადებით, მიმართვიანობის სტატისტიკის ზრდა მეტყველებს მოქალაქეების ცნობიერების გაზრდაზე, თუმცა სახელმწიფოს ქალთა მიმართ ძალადობისა და დისკრიმინაციული დანაშაულებების შესამცირებლად მეტი ნაბიჯები აქვს გადასადგმელი.
„მიმართვიანობის სტატისტიკა არის ზრდადი, რაც ერთის მხრივ მეტყველებს იმაზე, რომ ცნობიერება არის გარკვეულწილად გაზრდილი, რომ ადამიანებს უკვე ნაკლებად ეშინიათ, ძალადობის ან დისკრიმინაციის შემთხვევებში მიმართონ ოფიციალურ უწყებებს, თუმცა ეს საკმარისი არ არის და დღეს სწორედ იმაზე ვსაუბრობთ, თუ რა გამოწვევები არსებობს და სახელმწიფომ რა ნაბიჯები უნდა გადადგას შემდეგში“, - აღნიშნა მან.

მისივე თქმით, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ჩართულობა.
შეხვედრაზე მყოფმა მერიის წარმომადგენელმა გოგი რევიამ ისაუბრა იმ პროგრამებზე, რომელიც ზუგდიდის მუნიციაპლიტეტში ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის ხორციელდება.
„მერია ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის 800 ლარიან ერთჯერად ფულად დახმარებას გასცემს. ასევე უზრუნველყოფს ბინის ქირას“, - განაცხადა გოგი რევიამ.
შეხვედრის მონაწილე მოქალაქეებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ქალთა უფლებების მხრივ რეგიონში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრეს.
მოქალაქე თეონა ქარდავას თქმით, ქალთა უფლებებზე საინფორმაციო შეხვედრები არა მხოლოდ ფოკუს ჯგუფებში, არამედ სოფლად მოსახლეობაში უნდა ტარდებოდეს.

„თანასწორობის მოძრაობის“ ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი ემზარ კვარაცხელია დაინტერესდა, თუ რას აკეთებს სახელმწიფო და კერძოდ შსს, როცა საჯარო მოხელეები და პოლიციის თანამშრომელები სოციალურ ქსელებში ავრცელებენ ჰომოფობიურ და სიძულვილის ენის შემცველ განცხადებებს.
პასუხად შსს-ს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ძალადობისა და დისკრიმინაციის შემთხვევებზე სამინისტროში მუშაობს ცალკე დეპარტამენტი, რომელიც მომართვიანობის შემთხვევაში მსგავს ფაქტებზე რეაგირებს.
მისივე ცნობით, უწყებაში მიდის მუშაობა ასევე იმ მიმართულებით, რომ ევროპული ქვეყნების მსგავსად, საქართველოშიც დაინერგოს მოძალადეებისთვის სპეციალური, ელექტრონული სამაჯურების ტარების პრაქტიკა.
„მიმდინარეობს მუშაობა, თუმცა ამ ეტაპზე გვაქვს სამაჯურების შეზღუდული რაოდენობა. ამიტომ არ ვართ ჩამოყალიბებულები, შემაკავებელი ორდერის გამოწერის დროს გავუკეთოთ სამაჯური მოძალდეს, თუ მსჯავრის მოხდის შემდეგ. ალბათ უახლოეს მომავალში არასამთავრობო ორგანიზაციებთან მსჯელობის შემდეგ გადავწყვეტთ“, - განაცხადა ბელა ფიფიამ.
საინფორმაციო შეხვედრა ქალთა უფლებების, ოჯახში ძალადობის და დისკრიმინაციის საკითხებზე, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის ორგანიზებით გაიმართა.