ახალი ამბები
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ზუგდიდში 100 მოქალაქეს „ნდობის სერთიფიკატი“ გადასცა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ოფისმა მათივე პროექტის „ხალხი ივანიშვილის წინააღმდეგ“ ფარგლებში 100 მოქალაქეს „გარანტიის სერთიფიკატი“ გადასცა. ენმ-ის ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა ანა წითლიძემ „ლაივპრესს“ უთხრა, რომ ამ ეტაპზე სულ შესული იყო 200 განცხადება, რომელთა შესწავლა ეტაპობრივად მიმდინარეობს. ამის შემდეგ კი პარტია იმის დასტურად, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში მათ მიერ დასახელებულ პრობლემას მოაგვარებს, „გარანტიის სერთიფიკატს“ გასცემს. კერძოდ, პროექტის ფარგლებში პარტია მძიმე ეკონომიკურ და სამართლებრივ მდგომარეობაში მყოფ ხალხს მათთან თანამშრომლობით სთავაზობს პირველ რიგში პრობლემების ჯერ აღრიცხვას, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი გადაჭრას.

„ამ ეტაპზე შემოსული განცხადებების მეტი წილი შევსებული აქვთ სოციალურად დაუცველებს, სამსახურიდან პოლტიკური ნიშნით გათავისუფლებულებს. იმ ადამიანებს ვისაც საბანკო პროცენტები განსაკუთრებით გაეზარდა 2012 წლიდან, ასევე არიან ადამიანები, რომლებსაც გამოუძიებელი საქმეები აქვთ. მაგალითად დღეს იყო რამდენიმე შვილმკვდარი მამა მოსული, რომელთა შემთხვევაშიც გამოძიება წლებია მიმდინარეობს და არანაირი შედეგი არ არის“, - განაცხადა ანა წითლიძემ.

მისი ინფორმაციით, პარტიის ზუგდიდის ოფისში ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად გრძელდება და ამ ეტაპზე დასრულდა მხოლოდ პირველი ეტაპი.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ოფისში პროექტის „ხალხი ივანიშვილის წინააღმდეგ“ პრეზენტაცია 30 მაისს შედგა. შეკითხვაზე თუ რა რესურსით მოხდება მოქალაქეთა პრობლემების გადაჭრა ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა მურთაზ ზოდელავამ პრეზენტაციაზე აღნიშნა, რომ მათი ხელისუფლებაში მოსვლისთანავე შეიქმნება ფონდი, სადაც სახელმწიფო სახსრებთან ერთად მობილიზებული იქნება „ივანიშვილის და ხალხის ძარცვით გამდიდრებული ჩინოვნიკების“ თანხები, რომელსაც პარტია მათ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ უკან დააბრუნებინებს.