ახალი ამბები
ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს საქართველოს ნატოში გაწევრიანების კონკრეტული გზების შემუშავებას სთხოვენ
საქართველოში მოქმედი 49 არასამთავრობო ორგანიზაცია თხოვნით მიმართავენ ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს, ბრიუსელში დაგეგმილ სამიტზე ქვეყნის ნატოში გაწევრიანების კონკრეტული გზების შესახებ იმსჯელოს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქართველი ერის მკაფიო, დადასტურებული და მტკიცე ნებაა წევრობა, რასაც მოსახლეობის უმრავლესობა უჭერს მხარს, და ეს მხარდაჭერა ყველა ძირითადი პოლიტიკური პარტიის საერთო რეიტინგსაც კი აჭარბებს.

ერთობლივი განცხადების ავტორთა განმარტებით, საქართველოს არაერთი სირთულე შეხვდა ნატოში გაწევრიანების სასარგებლო არჩევანის გამო და ამ კურსს დღემდე ინარჩუნებს.მათივე თქმით, ევროატლანტიკურმა ინტეგრაციამ სახელმწიფოს მშენებლობის რთულ პროცესში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. კერძოდ, წაახალისა რეფორმები, რომელთა მიზანი თანამედროვე, დემოკრატიული და დაცული საზოგადოების ჩამოყალიბებაა. ამასთან, მოქალაქეებს გაუჩინა რწმენა, რომ საკუთარი მომავლის განკარგვა შესაძლებელია, ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუციების ფორმირება, დემოკრატიის გასავითარებლად და ეროვნული უსაფრთხოების სექტორის გარდასაქმნელად.

„საქართველოს ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი თანამედროვე, დემოკრატიული და წარმატებული ქვეყნის ასაშენებლად. ქვეყანა კვლავაც დგას როგორც შიდა, ისე გარე გამოწვევების წინაშე. მთლიანობაში, ქართული საზოგადოება ევროპული დემოკრატიაა და ამდენად, ეს გამოწვევები დიდწილად ჰგავს იმ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც ევროპული ქვეყნები ნატოში გაწევრიანებამდე და მის შემდეგაც იდგნენ. საქართველოს მოქალაქეებმა დაამტკიცეს თავიანთი ერთგულება ქვეყნის დემოკრატიული ტრანსფორმაციისა და მოდერნიზაციის მიმართ, ასევე ისიც, რომ საქართველო საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემის პასუხისმგებლიანი წევრი და დამცველია, რასაც ნათლად აჩვენებს საქართველოს აქტიური მონაწილეობა ნატოს სამშვიდობო მისიებში.

ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება გააძლიერებს ევროპის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას და დააჩქარებს საქართველოს განვითარებას.

ნატოს გაფართოების თითოეულმა ტალღამ გააძლიერა ევროპის უსაფრთხოება და სტაბილურობა და გაამყარა მშვიდობა და კეთილდღეობა მთელს ევროპაში. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება სარგებელს მოუტანს ევროატლანტიკურ თანამეგობრობას. ის გააძლიერებს როგორც ალიანსის სამხრეთი ფლანგის უსაფრთხოებას, ისე დემოკრატიის ფრონტს, წაახალისებს რა რეფორმატორებსა და დემოკრატიულ ძალებს საქართველოს საზღვრებს მიღმა. საქართველოს ნატოში გაწევრიანება იქნება მომდევნო გაბედული ნაბიჯი ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპისკენ.

ჩვენ ასევე მტკიცედ გვჯერა, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება დადებითად აისახება საქართველოს დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებაზე.

იმ საფრთხეებისა და გამოწვევების კონტექსტში, რომელთა წინაშეც თავისუფალი სამყარო დგას, უმნიშვნელოვანესია 2008 წელს ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილების განხორციელება, რათა ნატომ, როგორც მეგობრების, ისე მოწინააღმდეგეების თვალში, დაადასტუროს ალიანსის ერთობა და მისი ერთგულება საკუთარი ფუძემდებლური პრინციპების მიმართ.

ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ საქართველოს წევრობისთვის საჭირო ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი გააჩნია. ახლა, საქართველოს სჭირდება პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც გაწევრიანების გზას შესძენს სიცხადეს. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ეს სიცხადე ევროატლანტიკური თანამეგობრობის ინტერესებშია“, - ვკითხულობთ ერთობლივ განცხადებაში.