მთავრობის ადმინისტრაცია: საჭიროების შემთხვევაში მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდება
„ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის სამმართველოსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები პირველივე წუთიდან აკონტროლებენ მდგომარეობას და დახმარებას უწევენ მოსახლეობას, რომელსაც საავტომობილო გზების დატბორვის გამო გადაადგილება უჭირს. სოფელ ჭუბერში მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო და საავტომობილო გზების დეპარტამენტის სპეციალისტების ჯგუფები“, - ნათქვამია განცხადებაში.
მთავრობის ადმინისტრაციისვე ცნობით, სტიქიის ზონაში იმყოფებიან მხარის რწმუნებული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. აქვეა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი მღებრიშვილი და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი. ასევე სტიქიის ადგილას გაემგზავრნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრების მოადგილეები, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები.
„ამ დროისთვის მოხდა დამატებითი სამაშველო ჯგუფებისა და ტექნიკის მობილიზება უახლოესი ლოკაციებიდან“, - ნათქვამია განცხადებაში.
ჭუბერის ნაწილი დღეს ადიდებულმა მდინარე ნენსკრამ დატბორა. მესტიის მერის ინფორმაციით, მდინარის ადიდება წუხანდელი ძლიერი წვიმის შედეგია, რაც თავის მხრივ, მთაში თოვლის დნობამ და წყლის დაგუბებამ გამოიწვია.
მაშველებმა ჭუბერში ცოტა ხნის წინ მოზარდიც გადაარჩინეს და ვერტმფრენის საშუალებით მთიდან ჩამოიყვანეს.