გუბერნატორის ადმინისტრაცია: ჭუბერში მდინარემ დღეს კიდევ ერთი სახლი წაიღო [ვიდეო]
რაც შეეხება გზას, გუბერნატორის პრესსამსახური ამბობს, რომ ნაშალი რაც ჩამოიტანა მდინარემ, გაწმენდილია. ტექნიკა კვლავაც განაგრძობს მუშაობას:
„არის ადგილები, სადაც გზა მთლიანად წაღებულია, თუმცა შემოვლითი გზები გაკეთებულია რამდენიმე მონაკვეთზე და კეთდება. ხდება გამაგრებითი სამუშაოები, ქვა-ღორღის ყრიან პრობლემურ მონაკვეთებზე. მთავარი ხიდი, რომელიც აკავშირებდა ჭუბერს გარესამყაროსთან, არსებობს. არ შეუძლიათ გადაადგილება პატარა მანქანებს, თუმცა ჯიპებს და მსგავს დიდი მანქანებს ჩვეულებრივ შემოსვლა, რადგან დამატებით ასაქცევი გზა გაკეთდა“.
პაატა ლაგვილავას თქმით, ამ ეტაპზე ზარალის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.
ჭუბერში ამ წუთებში არ წვიმს.
სტიქიის ზონაში სალიკვიდაციო სამუშაოები დილიდან განახლდა.
უხვი ნალექის შედეგად, სოფელ ჭუბერში მთის ნაწილის ჩამოშლამ მდინარე ნენსკრას ადიდება გამოიწვია. მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლის გამო დაიტბორა მიმდებარე ტერიტორია, რამაც ათეულობით თემი გარესამყაროს მოწყვიტა, უხვმა ნალექმა ჩამორეცხა სოფლებს შორის დამაკავშირებელი საავტომობილო გზები. ღვარცოფის სალიკვიდაციოდ მოხდა დამატებითი სამაშველო ჯგუფებისა და ტექნიკის მობილიზება უახლოესი ლოკაციებიდან.
მესტიის მერის, კაპიტონ ჟორჟოლიანის ინფორმაციით, ცენტრს არცერთი სოფელი არაა მოწყვეტილი.
ვიდეოში ასახულია რა ვითარება იყო ჩხეტიანების საკარმიდამო ნაკვეთში. მასალა აღებულია ხათუნა ჩხეტიანის "ფეისბუკ" გვერდიდან.