ჭუბერის რწმუნებული: გზა, რომელიც სანაპიროს სოფლებს ერთმანეთთან აკავშირებდა, ჩამოიშალა
„დასახლება აქ არის მდინარის მარჯვენა და მარცხენა მხარეს, ერთადერთი გზა, რომელიც იყო დარჩენილი და მათ ერთმანეთთან აკავშირებდა, წუხელ ჩამოიშალა“, -განაცხადა ნინო ვიბლიანმა.
მისივე თქმით, წუხელ წვიმდა თითქმის მთელი ღამე და მხოლოდ დღეს დილით გამოიდარა. შედეგად მდინარის დონემ მხოლოდ მცირედით დაიკლო. რაც შეეხება ელექტროენერგიას, ჭუბერის თემის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ამ წუთებში ელექტროენერგია მიეწოდება მხოლოდ სოფლის მესამედს. „ამ მხრივაც გრძელდება აღდგენით სამუშაოები“, - ამბობს, ნინო ვიბლიანი.
5 ივლისს, მთაში მოსული უხვი ნალექის შედეგად, სოფელ ჭუბერში მთიდან მიწის ჩამოშლამ მდინარე ნენსკრას ადიდება გამოიწვია. მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლის გამო დაიტბორა მიმდებარე ტერიტორია, რამაც ათეულობით თემი გარესამყაროს მოწყვიტა, უხვმა ნალექმა ჩამორეცხა სოფლებს შორის დამაკავშირებელი საავტომობილო გზები, წაიღო რამდენიმე ადგილობრივის სახლი და დამხმარე ნაგებობები.