„თაფლი საჩინო“ მზად არის სვანეთში დაზარალებულ მეფუტკრეებს დაეხმაროს
„მე ძალიან კარგად მესმის ყველა იმ ფერმერის, რომელთაც სტიქიამ ფუტკრის ოჯახები გაუნადგურათ. ასეთ დროს თანადგომას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მსგავს სიტუაციაში მეც აღმოვჩნდი 2017 წელს, როდესაც აბაშაში სამომთაბაროდ გადაყვანილი 1014 ფუტკრის ოჯახი ადიდებულმა რიონმა ერთ ღამეში გამინადგურა. საქმიანობის გაგრძელება სახელმწიფოს დახმარებით შევძელი. მინდა ჩემი წვლილი შევიტანო დაზარალებულთა დახმარებაში, საჩუქრად გადავცე ფუტკრის ოჯახები და ვანუგეშო“, - აღნიშნა მინდია ქავთარაძემ.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2017 წელს, სტიქიის შედეგად დაზარალებულმა მინდია ქავთარაძემ საფუტკრე მეურნეობის აღდგენა სახელმწიფო პროგრამებში - „აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამა“, „შეღავათიანი აგროკრედიტი“ და „მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა“ - ჩართვით შეძლო. ფერმერს დახმარება ავსტრიის განვითარების სააგენტომაც (ADA) გაუწია.