ახალი ამბები
ზუგდიდის საჭადრაკო სკოლის რეკონსტრუქცია დაიწყო
ზუგდიდის საჭადრაკო სკოლის შენობის სარეკონსტრუქციო სამუშაოები დღეს დაიწყო.

ჭადრაკის განვითარების განყოფილების უფროსის გიორგი ბერიას ცნობით, სამუშაოები ორ ეტაპად ჩატარდება. პროექტის სრული ღირებულება შეადგენს 865 300,87 ლარს. 2018 წელს დაგეგმილია 500 000 ლარის სამუშაოების განხორციელება, ხოლო დანარჩენი სამუშაოები გაგრძელდება და დასრულდება 2019 წელს.

პირველი ეტაპი მიმდინარე წლის დეკემბერში დასრულდება. ხოლო შემდეგი ეტაპი 2019 წელს. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია არსებულ შენობაზე მეორე სართულის დაშენებით. შენობაში განთავსდება დამატებითი საკლასო ოთახები, შეჯიბრების ჩასატარებელი დარბაზი, ადმინისტრაციის ოთახი და სანიტარული კვანძები. მოეწყობა წყალგაყვანილობა-კანალიზაციის, ელექტრომომარაგების და გათბობა-გაგრილების ახალი სისტემა. ფასადზე, თანამედროვე კომპოზიტური მასალებით, ახალი არქიტექტურული ფორმების მოწყობით განახლდება შენობის გარე იერსახე.შენობა შშმ პირთათვის ადაპტირებული იქნება.

გიორგი ბერიას თქმით, სარეკონსტრუციო სამუშაოების ჩატარება ხელს არ შეუშლის სასწავლო პროცესს, რადგან მერია სკოლისთვის ალტერნატიულ ფართს დაიქირავებს.