ჭუბერში ინფრასტრუქტურული ზარალი სავარაუდოდ ხუთ მილიონ ლარს აჭარბებს
„საკარმიდამო მიწის ნაკვეთებია წაღებული. რამდენიმე დამხმარე ნაგებობაა დანგრეული სახლების მიმდებარედ. ორი სახლის ნაწილი ჩამოინგრა. სასმელი წყლის ავზი 27-მდე ოჯახის, რომელიც მოსახლეობამ კუსტარულად გააკეთა, წაღებულია. გარდა ამისა, ხუთი ხიდია წაღებული“, - უთხრა კაპიტონ ჟორჟოლიანმა „ლაივპრესს“.
მისი განმარტებით, ინფრასტრუქტურისთვის მიყენებულმა ზარალმა შესაძლოა ხუთ მილიონ ლარს გადააჭარბოს. თუმცა ჯერ ზუსტ ციფრებზე ვერ საუბრობს. თუმცა, მერს ერთადერთი, რისი თქმაც დანამდვილებით შეუძლია, ის არის, რომ შესასრულებელი სამუშაოები ბევრად მეტი იქნება, რადგან ყველაფერი კაპიტალურად უნდა გაკეთდეს.
კაპიტონ ჟორჟოლიანის ინფორმაციით, დღის მეორე ნახევრისთვის დასრულდება სამხედრო ხიდის მონტაჟი, რის შემდეგაც მძიმე ტექნიკა უკვე მეორე ნაპირას გადავა და იქ განაგრძობს სალიკვიდაციო სამუშაოებს.
რაც შეეხება ელექტროენერგიას, მერის თქმით, ამ დროისთვის შუქის გარეშე მხოლოდ ორი სოფელი რჩება. დანარჩენ ადგილებში „ენერგო-პრო ჯორჯიას“ თანამშრომლებმა ელექტროენერგიის აღდგენა მოახერხეს. კერძოდ, სრულად აღდგა სამკილომეტრიანი ელექტროგადამცემი ხაზი. გამოიცვალა რამდენიმე ტრანსფორმატორიც. დამონტაჟდა ახალი ბოძები.
მერი ამბობს, რომ, დრეს გახდება შემაჯამებელი დასკვნა ცნობილი, თუ რამ გამოიწვია სტიქიის შედეგად განვითარებული მოვლენები ჭუბერში.
სალიკვიდაციო სამუშაოებში სხვადასხვა რეგიონიდან მოხალისეებიც ერთვებიან. ადგილობრივმა მოსახლეობამ ჰუმანიტარული დახმარებაც მიიღო.
უხვი ნალექის შედეგად, სოფელ ჭუბერში მთის ნაწილის ჩამოშლამ მდინარე ნენსკრას ადიდება გამოიწვია. მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლის გამო დაიტბორა მიმდებარე ტერიტორია, რამაც ჩამორეცხა სოფლებს შორის დამაკავშირებელი საავტომობილო გზები და ათამდე თემი გარესამყაროს მოწყვიტა.
ჭუბერში უკვე მეშვიდე დღეა სტიიქიის შედეგებს ებრძვიან.