პრემიერი: ჭუბერის სტიქიით დაზარალებულებს ზარალი სრულად აუნაზღაურდებათ
„მიმდინარეობს სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობის დათვლა. მინდა ხაზგასმით ვთქვა, ყველა დაზარალებულს სრულად აუნაზღაურდება ზარალი. ამ დრომდე ჭუბერში მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები და მოკლე დროში სრულად აღვადგენთ ინფრასტრუქტურას”, – განცხადა პრემიერმა.
ჭუბერში ინფრასტრუქტურული ზარალი სავარაუდოდ ხუთ მილიონ ლარს აჭარბებს. ამის შესახებ „ლაივპრესს“ მესტიის მერმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა განუცხადა.
უხვი ნალექის შედეგად, სოფელ ჭუბერში მთის ნაწილის ჩამოშლამ მდინარე ნენსკრას ადიდება გამოიწვია. მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლის გამო დაიტბორა მიმდებარე ტერიტორია, რამაც ჩამორეცხა სოფლებს შორის დამაკავშირებელი საავტომობილო გზები და ათამდე თემი გარესამყაროს მოწყვიტა.