მოქალაქეების თქმით, ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობაზე დროულად არ გაუფრთხილებიათ
საპასუხოდ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბში განაცხადეს, რომ წამლობა მიმდინარეობს გეგმის მიხედვით. უსაფრთხოების წესების დაცვის მიზნით კი, შექმნილია გზავნილების სისტემა, რომლის მეშვეობითაც დაგეგმილი წამლობის შესახებ ინფორმაცია წინასაწარ მიეწოდება ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს, რომლებიც თავის მხრივ ვალდებული არიან დააუწყონ მოქალაქეები.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურში კი განმარტეს, რომ მოქალაქეებს მოსალოდნელი წამლობის შესახებ ცნობებს სხვადასხვა საშუალებით აწვდიან. აცხადებენ, რომ მზად არიან ამ მიმართულებით მუშაობა კიდევ გააძლიერონ:
„ჩვენ ფეისბუკის გვერდზეც გვიდევს ინფორმაცია, თუმცა შეიძლება ყველამ ვერ ნახოს ის, ამიტომ ამაში ჩართული არიან ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები და მაქსიმალურად აუწყებენ მოსახლეობას. მათთან ერთად ჩართულები არიან მაჟორიტარი დეპუტატებიც. დაუწყება ხდება მეგაფონითაც. მიუხედავად ამისა შეიძლება ვიღაც არ იყო მოცემულ მომენტში სახლში და არ ჰქონდა ინფორმაცია, ამიტომ ჩვენ კიდევ უფრო გავაძლიერებთ ამ მხრივ მუშაობას, რომ თითოეულ მოსახლემდე მივიტანოთ ეს ინფორმაცია“, - განუცხადეს „ლაივპრესს“ მერიის პრესსამსახურში.

საკოორდინაციო შტაბის ინფორმაციით, ამ დროისთვის სახელმწიფოს მიერ თერმული ნისლის ტექნოლოგიით უკვე დამუშავებულია 270 ათას ჰექტრამდე ფართობი, ხოლო ცივი შესხურების აგრეგატით - 12 ათას ჰექტრამდე. ამასთან, მიმდინარეობს სიმინიდის საყანე ფართობების პერიმეტრების დამუშავება. სატრაქტორე აგრეგატებით უკვე შეიწამლა 10 ათას ჰექტრამდე ფართობი. რაც შეეხება ქალაქ ზუგდიდს, შტაბის ცნობით, 3 დღის განმავლობაში სულ 40 ქუჩა შეიწამლა და ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება.