არასამთავრობო ორგანიზაციები ნენსკრა ჰესის პროექტის ექსპერტიზას ითხოვენ
„მანამდე კი, არსებითია სახელმწიფომ უზრუნველყოს ეფექტიანი და დროული ჰუმანიტარული ზომების მიღება სტიქიით დაზარალებულ თემებში“, - ნათვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: მწვანე ალტერნატივა; საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია); ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC); საქართველოს მწვანეთა მოძრაობა; ენერგოეფექტურობის ფონდი; ფერმერთა უფლებების დაცვის ასოციაცია; კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი - კავკასიური სახლი.
არასამთავრობო ორგანიზაციები განცხადებაში ყურადღებას ამახვილებენ ჰესების მშენებლობის მოწინააღმდეგეთა შეშფოთებაზე.
„წინააღმდეგობის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი სწორედ ის გარემოებაა, რომ დაგეგმილი კაშხლისა და რეზერვუარის ტერიტორიაზე მოედინება ოკრილზე მეტად ღვარცოფული რამდენიმე მდინარე, ასევე, მდებარეობენ ზვავსაშიში და მეწყერსაშიში უბნები, რომელთა ზეგავლენა ნენსკრა-ჰესზე არასათანადოდაა გამოკვლეული. გეოლოგიური რისკები კიდევ უფრო გაძლიერდება ჰესის პროექტის ზეგავლენის შედეგად, ვინაიდან მშენებლობის პროცესში ტყე/მცენარეული საფარი პირწმინდად მოიჭრება, რაც დამატებით მეწყრულ და ღვარცოფულ კერებს გააჩენს“, - აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები.
5 ივლისს, ჭუბერის თემის ტერიტორიაზე, მოულოდნელად განვითარებული სტიქიის შედეგად, ადიდებულმა მდინარე ნენსკრამ დატბორა ჭუბერის თემის სოფლები, სრულად გაანადგურა ინფრასტრუქტურა, მათ შორის, ხიდები, გზები და დაანგრია მდინარის გასწვრივ არსებული სახლები.