ახალი ამბები
ედემ იზორია: მომავალ წელს აუცილებლად უნდა გვქონდეს მეგრულად დაწყებითი განათლება
მეგრულისთვის რეგიონული ენის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით დაწყებული ხელმოწერების შეგროვება ამ დრომდე გრძელდება და ის დაახლოებით ნახევარი წლის განმავლობაში კიდევ გაგრძელდება. შემოქმედთა გაერთიანება „აიას“ ხელმძღვანელ ედემ იზორიას განცხადებით, პროცესი ნელა, არა ისე, როგორც თავად უნდა, თუმცა მაინც წინ მიიწევს. მისი თქმით, ხელმოსაწერ ფურცლებს აქტივისტების მეშვეობით არიგებენ, თუმცა რამდენი შეგროვდა ამ დროისთვის, ჯერ არ იცის.

„29 ივლისს ვიკრიბებით ზუგდიდის ცენტრში. იქ მომიტანენ ამ ფურცლებს და გავიგებ, ხელი რამდენმა მოაწერა. ეს პროცესი ახლა დაიწყო და ის მომავალში უფრო გაფართოვდება. ამ სასწავლო წელს ვერ მოესწრება და მომავალი წლისთვის აუცილებლად უნდა გვქოდეს დაწყებითი განათლება მეგრულად. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ყველა ზომას მივმართავთ“, - უთხრა ედემ იზორიამ „ლაივპრესს“.

მისივე თქმით, ეს ნაბიჯი ერთი საუკუნით მაინც გადაარჩენს მეგრულს, შემდეგ კი მისი დაცვა-შენარჩუნებისთვის შესაძლოა სხვა ბერკეტებიც გამოჩნდეს.

ორგანიზაციამ ხელმოწერების შეგროვება დაახლოებით ერთი თვის წინ დაიწყო. მათ პროცესის დასრულების შემდეგ პარლამენტს წარუდგენენ, უყურადღებობის შემთხვევაში კი აქციების მოწყობით იმუქრებიან.

მეგრული ენის გადარჩენის მოთხოვნით ზუგდიდში მოქალაქეები რამდენჯერმე შეიკრიბნენ.