სოციალური თეატრი ლგბტ თემის ჩაგვრის რეალური ისტორიებით [ვიდეო]
სოციალურმა თეატრმა ვიდეოსპექტაკლები ზუგდიდში, „თანასწორობის მოძრაობის“ ოფისში აჩვენა.
„ჩვენ გავაცოცხლეთ ჩაგვრის ის ისტორიები, რომელიც ამ ადამიანებს გადახდათ. გვინდა, რომ საზოგადოება დაფიქრდეს რა პრობლემის წინაშე დგას და რა გადაწყვეტილებია მისაღები საკანონმდებლო დონეზე, რომ ყველას უფლება თანაბრად იყოს დაცული და არ იჩაგრებოდეს ვინმე სექსუალური ორიენტაციის, ან გენდერული იდენტობის გამო“, - გვითხრა ლგბტ აქტივისტმა ნინო ბოლქვაძემ.

სცენა სპექტაკლიდან.
სპექტაკლებში ნაჩვენები იყო ლესბოსელი ქალის ისტორია, რომელსაც მშობელი დედობის უფლების ჩამორთმევით ემუქრებოდა სექსუალური ორიენტაციის გამო. აქვე იყო ტრანსგენდერი და ლგბტ თემის სხვა წარმომდგენელთა რეალური ამბები. მათ არაპროფესიონალი მსახიობები თამაშობდნენ.
„რეალური ისტორიები ადამიანების გამოცდილებიდან გამოდის სააშკარაოზე. ეს ხელს უწყობს თემის გამჭვრივალობას და იმ პრობლემური საკითხების ხილვადობის გაზრდას, რომელსაც ერთმანეთს ჩურჩულით ვუყვებით“, - გვითხრა „სამოქალაქო აქტივიზმისა და თანასწორობის ცენტრის“ ხელმძღვანელმა ციცინო შენგელიამ.
თანასწორობის ცენტრის ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა ცაბუნია ვართაგავამ, რომელიც ფორუმის თეატრის მონაწილეა, გვითხრა, რომ უახლოეს მომავალში ლგბტ ადამიანების ჩაგვრის ისტორიებზე სოციალური სპექტაკლი ზუგდიდშიც დაიდგმება.
„ასეთ თეატრს საგანმანათლებლო ფუნქცია აქვს. ჩვენ ვამხნევებთ მსხვერპლს და ასევე ვაწვდით ინფორმაციას, თუ რა სამართლებრივ გზებს უნდა მიმართოს თავისი უფლებების დასაცავად“, - ამბობენ სოციალური თეატრის პროექტის ორგანიზატორები.