ახალი ამბები
ბიძინა ივანიშვილი განმუხურში ბოტანიკურ ბაღს აღარ გააშენებს
ბიძინა ივანიშვილმა განმუხურის ბოტანიკური ბაღის მშენებლობა გადაიფიქრა. ამის შესახებ მან საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „აქტუალური თემისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, საკუთარ ინიციატივაზე უარს თავად ამბობს, რადგან არ შეიცვალოს უნიკალური კლმატი.

„მე სპეციალისტებთან ბევრი ვისაუბრე. მაგრამ ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა იქ პოლიტიკურადაც და ეკონომიკურად ძალიან საინტერსოა. ცოტა შემიფერხდა იქ მშენებლობა. ალბათ გაისად დავიწყებ. თუ ვინმე გააკეთებს, მიწას ვჩუქნი უფასოდ“, - აღნიშნა ივანიშვილმა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე ანა წითლიძემ შარშან, მაისის თვეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შეჩერდა განმუხურში დენდროლოგიური პარკის მშენებლობა. მაშინ საპასუხოდ ააიპ ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის დირექტორმა ზვიად ქარჩავამ აღნიშნა, რომ ტერიტორიაზე მიმდინარეობს კვლევები, რომლებშიც ჩართული არიან ბოტანიკოსები, დენდროლოგები და ზოოლოგები, დასკვნის დადების შემდეგ კი მშენებლობა უნდა დაწყებულიყო. მოგვიანებით „ევროპულმა საქართველომ“ წინა წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცებისას აღნიშნა, რომ გაუგებარია რატომ ფინანსდება ეს ააიპი უკვე მეორე წელი 200 ათასი ლარით, როცა მას ფაქტობრივად არაფერი გაუკეთებია. მაშინ საპასუხოდ ზუგდიდის მერის, ლაშა გოგიას განცხადებით, ანაკლია-განმუხურში ისეთი ინფრასტრუქტურაა შექმნილი, რომელსაც განსაკუთრებული მოვლა სჭირდება.

განმუხურში, 100 ჰექტრამდე ტერიტორიაზე, ფონდ "ქართუს“ დაფინანსებით, ბოტანიკური ბაღი უნდა გაშენებულიყო, თანაინვესტირების ფონდს კი 60 მილიონი დოლარის ღირებულების 5-ვარსკვლავიან სასტუმრო აეშენებინა. პროექტების პრეზენტაციაც შედგა 2016 წლის სექტემბერში. ამავე წლის ივნისის თვეში საგანგებოდ შეიქმნა იმდროინდელი გამგეობის ბალანსზე არასამეწარმეო იურიდიული პირი - „განმუხურის ბოტანიკური ბაღი“.