გუბერნატორის მოადგილე: ლევან შონიას თანამდებობა არ დაუტოვებია
მისი ინფორმაციით, ლევან შონია დღეს სამსახურში ჩვეულებრივ გამოცხადდა და ამ წუთებში ემზადება თბილისში გასამგზავრებლად.
„თბილისში აპირებს წასვლას თათბირზე. არასწორია ეს ინფორმაცია. მისი გადადგომის შესახებ უკვე მგონი ხუთი წელია წერენ“, - განმარტა გუბერნატორის მოადგილემ. საქართველოს მთავრობაში კი "ლაივპრესს" უთხრეს, რომ "არ აქვთ ინფორმაცია".
სოციალურ ქსელებში მანამდე არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია ლევან შონიას მიერ თანამდებობის შესაძლო დატოვების შესახებ, თუმცა არცერთხელ არ დადასტურდა.
11 ივნისს თბილისში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს ჟურნალისტებმა დაუსვეს კითხვა, თუ რას იტყოდა ის გავრცელებულ ინფორმაციაზე რომელიც დევნილთა განსახლების მინისტრ სოზარ სუბარით ლევან შონიას ჩანაცვლებას ეხებოდა. მთავრობის მეთაურმა განმარტა, რომ სუბარი მათ გუნდში რჩება. 16 ივლისს კი ცნობილი გახდა, რომ დევნილთა და განსახლების მინისტრი პრემიერის ერთ-ერთ მრჩევლად დაინიშნა.
დღეს დილით „თაიმერმა“ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლევან შონიამ თანამდებობა დატოვა. სააგენტოს მტკიცებით, შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობის განცელარიაში წუხელ მიიღეს.
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორად ლევან შონია 2013 წლის 13 დეკემბერს დაინიშნა. მან ამ პოზიციაზე მაშინ თენგიზ გუნავა შეცვალა. შონია სამხარეო პოლიციის უფროსად 2012 წლის პარლამენტის არჩევნების შემდეგ მუშაობდა. 1999-2004 წლებში ასევე იყო გულუას სახელობის პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმის უფროსი.