მესტიაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
„ახლა ვდგავართ ხაიშის ცენტრში, დაახლოებით 200 ადამიანი. ჩემი მეზობლები არიან ბავშვებით ხელში, წინ ქალებით დგანან, რომ სიტუაცია არ დაიძაბოს. სპეცნაზია შემოსული, კანონიერება უნდა აღვადგინოთო, უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე უნდა ჩამოვართვათო მოსახლეობასო. ჩვენ ვეუბნებით, რომ წადით თქვენ და თუ საჭირო გახდა მერე მივუჯდებით მოლაპარაკების მაგიდას“, - გვითხრა აქციის ერთ-ერთმა მონაწილე ზურაბ ნიჟარაძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ პოლიციის დამატებითი ძალების შეყვანა სვანეთში მხოლოდ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას ემსახურება.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, კი სვანეთში ამ ეტაპზე ხე-ტყის უკანონოდ ჭრის აღკვეთის ღონისძიება მიმდინარეობს. სამინისტროში აცხადებენ, რომ დამატებით განმარტებებს უახლოეს დროში გააკეთებენ.