სოზარ სუბარი ხაიშში დღეს მოსახლეობას შეხვდება
26 ივლისს რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარე შეხვედრის შემდეგ, აქციის მონაწილეები დაიშალნენ. სოზარ სუბარის განმარტებით, 7-10 დღის ვადაში მესტიაში სამთავრობო გუნდს გარკვეული წინადადებებით ელოდებიან, თუ რა ალტერნატივა შეიძლება ადგილობრივებს შესთავაზონ დასაქმების სახით და რითი ჩანაცვლდეს ხე-ტყის უკანონო ჭრა, კანონიერი ჭრის შემთხვევაში კი ლიცენზიები როგორ გაიცეს.

ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის მიმართულებით ხაიშის მონაკვეთი რამდენიმე საათის განმავლობაში პარალიზებული იყო. ჭუბერისა და ხაიშის მოსახლეობა აქციას დილიდან მართავდა. ისინი ხე-ტყის უკანონო მოპოვებასთან დაკავშირებით საგამოძიებო სამსახურის ღონისძიებებს აპროტესტებდნენ.
ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, ისინი ქვეყნის მასშტაბით მოქმედებენ ხე-ტყის უკანონო მომპოვებელთა გამოვლინების, გაყალბებული დოკუმენტების გამოყენებით ხის მასალის რეალიზატორთა და კანონდარღვევით მოქმედი ხის სახერხი საამქროების გამოვლენა მხილების მიზნით. ხაიშში სპეცრაზმის შეყვანა კი იმიტომ გახდა საჭირო, რადგან საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების უსაფრთხოება დაცულიყო და მათ საქმიანობის სრულყოფილად შესრულების შესაძლებლობა მისცემოდათ.

26 ივლისს განცხადება გაავრცელა სახალხო დამცველმაც. ნინო ლომჯარიას თქმით, მნიშვნელოვანია, სამართალდამცავთა მხრიდან არ შეიზღუდოს აქციის მონაწილე პირთა შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება. მანვე ადგილობრივებს შესთავაზა, საჭიროების შემთხვევაში, ომბუდსმენის აპარატის ცხელ ხაზს დაუკავშირდნენ.
ხაიშში ამ წუთებში სიმშვიდეა.