ხაიშელები ხელისუფლებას დასაქმებას სთხოვენ [ვიდეო]
მოსახლეობის თქმით, ტყეკაფები დასახლებული პუნქტებიდან მოშორებით მდებარეობს, ამიტომაც ფაქტობრივად სიცოცხლის ფასად ეწევიან აღნიშნულ საქმიანობას. ხაიშელი როსტომ ჭკადუას თქმით, ახლახანს ჭუბერის სტიქია დაატყდათ თავს, დღეს კი 200 შეიარაღებული სპეცრაზმელი დაუპირისპირეს ხალხს. ამბობს, რომ მიკროსახერხები კანონიერად აქვთ აქ გახსნილი, თუმცა გუშინ განვითარებული მოვლენების შემდეგ, ალბათ მათ მეპატრონეები დახურავენ.

„ამ ტყეებში მუშაობა არის, როგორც ტყიბულის შახტებში, ისე. იქ რომ ტრაგედიები ხდება, ასეთი ტრაგედიებით მთავრდება აქაც. ბევრი ადამიანი იღუპება ტყეებში. ძალიან რისკიანი სამუშაოა, ოღონდ ხალხი იძულებულია. როგორმე თავი ხომ უნდა გადაირჩინონ“, - უთხრა „ლაივპრესს“ ხაიშის მცხოვრებმა.
მისივე განმარტებით, სიცრუეა, თითქოს ისინი ხე-ტყის უკანონოდ ჭრის უფლებას ითხოვენ. პირიქით, ამბობს, რომ მათი სურვილია, ამ შესაძლებლობით სარგებლობა მხოლოდ შეძლებული ოჯახებისთვის არ იყოს ხელმისაწვდომი.
ადგილობრივი ინეზა ჭკადუა ამბობს, რომ ხე-ტყის მოპოვებით მისი ოჯახის წევრებიც არიან დაკავებული. მათ ხშირად ეკონტაქტება ტელეფონით, რადგან არავინ იცის, შინ ცოცხლები დაბრუნდებიან თუ არა, ძნელად მისასვლელ ადგილებში საქმიანობის გამო.

ხაიშელი ზურა ნიჟარაძის თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრა საკმაოდ ნაყოფიერი იყო. მათ განაცხადეს, რომ ალტერნატიული დასაქმების შესაძლებლობები სჭირდებათ, რაზეც თანხმობა მიიღეს. უახლოეს დღეებში მთავრობის სხვა წევრებს უკვე კონკრეტული წინადადებებით ელოდებიან.
დღეს ხაიშელებს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსი სოზარ სუბარი შეხვდება, რომელიც მესტიაში გუშინ ჩავიდა.

ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის მიმართულებით ხაიშის მონაკვეთი რამდენიმე საათის განმავლობაში პარალიზებული იყო 26 ივლისს. ჭუბერისა და ხაიშის მოსახლეობა აქციას დილიდან მართავდა. ისინი ხე-ტყის უკანონო მოპოვებასთან დაკავშირებით საგამოძიებო სამსახურის ღონისძიებებს აპროტესტებდნენ.
ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, ისინი ქვეყნის მასშტაბით მოქმედებენ ხე-ტყის უკანონო მომპოვებელთა გამოვლინების, გაყალბებული დოკუმენტების გამოყენებით ხის მასალის რეალიზატორთა და კანონდარღვევით მოქმედი ხის სახერხი საამქროების გამოვლენა მხილების მიზნით.