ახალი ამბები
ახალი სასწავლო წლიდან მოსწავლეები აგვისტოს ომის გმირების ისტორიებს შეისწავლიან
2018-2019 სასწავლო წლიდან სკოლების ნაწილში, მოსწავლეები აგვისტოს ომის გმირების ისტორიებს ისწავლიან. აღნიშნული ისტორიები ახალი საგნის „თავდაცვა და უსაფრთხოება“ სახელმძღვანელოში შედის, – ამის შესახებ პირველ არხს განათლების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების სამმართველოს სამოქალაქო განათლების ექსპერტმა, შალვა მეკრავიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, პროექტი პირველ ეტაპზე საპილოტე იქნება, მომდევნო სასწავლო წლიდან კი, როდესაც მე-7-მე-12 კლასებისთვის ახალი სტანდარტი უნდა ამოქმედდეს, შესაძლოა, აღნიშნული საგანი სავალდებულო გახდეს.

მისი თქმით, ამავე სახელწოდების სახელმძღვანელო „თავდაცვა და უსაფრთხოება“ განათლების და თავდაცვის სამინისტროების ერთობლივი პროექტია, სახელმძღვანელოზე მუშაობა უკვე დასრულებულია და დასაბეჭდად მზადდება.

შალვა მეკრავიშვილის განცხადებით, წიგნში 2008 წლის აგვისტოს ომი ცალკე თემადაა შეტანილი. ამასთან, დეტალურადაა მოთხრობილი საქართველოს თანამედროვე ეროვნული გმირების, მათ შორის აგვისტოს ომის გმირების შესახებ.

საგანი „თავდაცვა და უსაფრთხოება“ მეათე კლასელებისთვის იქნება განკუთვნილი.