ახალი ამბები
ხაჯიმბა აფხაზეთში რკინიგზის აღდგენაზე: თბილისს უნდა თუ არა, მატარებელი მაინც გაივლის
საქართველოს რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთზე ისაუბრა დე ფაქტო პრეზიდენტმა გამოცემა „იზვესტიასთან“. მისი თქმით, მატარებელი ამ ტერიტორიაზე ეჭვგარეშე გაივლის, იმის მიუხედავად, უნდა ეს საქართველოს თუ არა.

"თანამედროვე ვითარება მოითხოვს, რომ ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობდეთ ეკონომიკის სფეროში კავკასიის რეგიონის სახელმწიფოებთან. თუმცა, საქართველო ეკონომიკურ საკითხებს პოლიტიკურ ელფერს აძლევს“, - აღნიშნა რაულ ხაჯიმბამ.

დე ფაქტო პრეზიდენტის თქმით, რკინიგზის ამოქმედება იქნებოდა დამატებითი დახმარება რესპუბლიკისთვის, თუმცა თბილისს აფხაზეთის თვითმყოფადობის გამყარება არ სურს ეკონომიკური მიმართულებით.

რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის აღდგენის საკითხს წლებია აფხაზეთში აქტიურად განიხილავენ. შარშან, საგარეო საქმეთა მაშინდელმა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა, რომ ნებისმიერი ტრანზიტი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელდება, განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ეს პირველ რიგში არის მათი მთავრობის გადასაწყვეტი.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის თქმით კი, აფხაზეთზე გამავალი სარკინიგზო მაგისტრალის გახსნა არ განიხილება. საუბარი ოკუპირებულ რეგიონზე გამავალი, რუსეთ–საქართველო–სომხეთის სარკინიგზო მაგისტრალის გახსნას შეეხება.