ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები სენაკსა და მარტვილში სტიქიის შედეგებს გაეცნენ
სენაკსა და მარტვილში სტიქიის შედეგებს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები გაეცნენ.
სტიქიის ზონაში ასევე იმყოფებოდნენ სამეგრელო ზემო-სვანეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი, მუნიციპალიტეტების მერები და ადგილობრივი თვითმართველობის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პრესსამსახურის ინფორმაციით, გაწმენდით სამუშაოებში მონაწილეობას იღებენ საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და მოხალისეები. სენაკში ჭავჭავაძისა და მიმდებარე ქუჩებზე უხვმა ნალექმა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები დატბორა. ასევე, პრობლემები შეიქმნა სოფელ ძველ სენაკში, ხორშში, კოტიანეტში, ლეძაძამეში, უშაფათში, სორტში და სხვა ადმინისტრაციულ ერთეულებში. ადიდებულმა მდინარემ დაანგრია ლეძაძამე-კვაუთის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი და ბეთლემის საცალფეხო ხიდი. ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა მარტვილის მუნიციპალიტეტშიც. ადიდებულმა ღელეებმა საკარმიდამო ნაკვეთები და საცხოვრებელი სახლები დატბორა: ბანძაში, დიდი ჭყონში, გურძემში, სალხინოში, ტალერში, აბედათში, ნაჯახაოში, დოშაყეში, ნახუნაუსა და კურზუში. ხუნწში მეწყრული პროცესების განვითარების შედეგად ჩამოინგრა რომან თოფურიას საცხოვრებელი სახლი, ოჯახი გადაყვანილია უსაფრთხო ადგილას. დაზარალებულებს საცხოვრებელ ფართს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერია უქირავებს. ძლიერმა წვიმამ, ასევე პრობლემები შეუქმნა აბაშის, ჩხოროწყუს, ზუგდიდისა და ხობის მუნიციპალიტეტებს.
ფოტოები ეკუთვნის გუბერნატორის ადმინისტრაციას.